პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავდასხმის რისკის ქვეშ
არიან „რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც“ არიან.
ამის შესახებ მან დღეს, 4 სექტემბერს, განაცხადა, თუმცა რაიმე
კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
კობახიძემ კვლავ მოიყვანა მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ
რობერტ ფიცოზე თავდასხმა, ასევ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ
ტრამპზე თავდასხმა. მან ისევ ისაუბრა იმაზე, რომ „ერთ-ერთი
ევროკომისრის პირით ღია
მუქარა“ შემოუთვალეს.
ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში.
სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ
შტატებში – საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას
გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით
შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა
ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.
„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის
გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები,
განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო
პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად
შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი
სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით
აკეთებს განცხადებას, კობახიძე აცხადებს, რომ ამის „გამოცდილება“
არსებობს ასეთი საუბრებიც არის ოპოზიციის შიგნით.
„ასეთ თემებზე მუდმივად არის საუბარი ოპოზიციური
პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება – თქვენ
გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როცა უშუალოდ
არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბეწვზე გადარჩა მაშინ გივი
თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი აქტი
უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე”, –
განაცხადა მკობახიძემ.