ივანიშვილმა აშშ-ის საელჩოს უპასუხა. ის კვლავ „გლობალური ომის პარტიის“ გავლენაზე მიუთითებს
მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან.

განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა, ივანიშვილი უარყოფს მისი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან აშშ-ის ან ევროკავშირის ფინანსურ შანტაჟში დადანაშაულებას. თუმცა აქვე ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ პოლიტიკოსებზე „გლობალური ომის
პარტიის“ გავლენის მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.

„როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“, - წერია ივანიშვილის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოლიგარქიულ გავლენებზეც დასვა აქცენტი. „იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ განცხადებებს აშშ-ის საელჩო საქართველოში 1 ოქტომბერს გამოეხმაურა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ - განაცხადა საელჩომ.



„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს რამდენიმე იურისდიქციაში ედავება. თანხა, რომელსაც ივანიშვილი ითხოვს, დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. ივანიშვილი აცხადებს, რომ დაზარალდა ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის ქმედებებით.

ქართველი მილიარდერის თანახმად, მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი Credit Suisse-ში 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.

პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობის გამო. ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის 2019 წელს გაათავისუფლეს, 2020 წლის ივლისში კი თავი მოიკლა. Credit Suisse-ის ოფიციალური პოზიციაა, რომ ბანკს არ ჰქონია თანამშრომლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია და რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა.

სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას დააკისრა 742,7 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკმა დაარღვია აქტივების დაცვის ვალდებულებები.

სასამართლომ საქმეზე პირველი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მიიღო. მაშინ ზარალი 926 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა შემდეგ მოხდა თანხის კორექტირება, რათა თავიდან აეცილებინათ თანხის ორმაგი ანაზღაურება. 2022 წელს ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ამავე საქმეში შვეიცარიულ კომპანიას 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც ჩანს, ივანიშვილის ადვოკატებს ჯერ კიდევ წინ აქვთ სააპელაციო პროცესი. Credit Suisse აპირებს სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს, შეხვედრაზე უარი უთხრა. მან მიზეზად ივანიშვილისთვის დაწესებული დე ფაქტო სანქციები დაასახელა. საქმე ეხება თანხას, რომელსაც ივანიშვილი Credit Suisse-ს ედავება.

„ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს“, - თქვა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიის თანახმად, „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.

აშშ-ის საელჩო საქართველოში და ელჩი რობინ დანიგანი ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით.

„ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში“, - თქვა რობინ დანიგანმა 18 სექტემბერს.

დეზინფორმაციის გავრცელება, ანტიდასავლური ქმედებები და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკა იყო მიზეზები, რის გამოც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას, აშშ-ის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე მოსაწვევი გაუუქმა.
წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123