„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის
განცხადებით,
პარლამენტი მიმდინარე კვირაში გეგმავს კანონპროექტის განხილვას,
რომელიც საჯარო სექტორში რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებას
ისახავს მიზნად. მისი თქმით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საჯარო
სექტორის „გაჯანსაღებას“ და ეფექტიანობის ამაღლებას.
თუმცა, ცვლილებამ ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ისინი აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციის
პროცესის გამარტივება შესაძლოა, გამოყენებული იყოს საჯარო მოხელეების
წინააღმდეგ, რომელთაც პოლიტიკური შეხედულებები განსხვავებული
აქვთ
ხელისუფლებისგან ან მონაწილეობენ საპროტესტო აქტივობებში.
მოსალოდნელ რისკებს განსაკუთრებით შეეხნენ თბილისის მერის, კახა
კალაძის განცხადებები. კალაძემ საჯარო განცხადებებით ორჯერ გააფრთხილა
მერიის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო
განცხადებებს. „საბოტაჟის ეს მცდელობა არ დარჩება პასუხგაუცემელი. რა
თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში,“ – განაცხადა კალაძემ
4 დეკემბერს. მანამდე, 1 დეკემბერს, კალაძემ განაცხადა, რომ მერიაში
დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და აღნიშნა: „კარგია, ეს
თვითლუსტრაციაა.“
„ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი და მის მიერ გატარებული პოლიტიკა უკვე
დაგმო ასობით საჯარო მოხელემ სხვადასხვა სამინისტროდან და
სამსახურიდან. ასევე, არაერთი ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა
განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და
პოლიტიკური ზეწოლის საფრთხეზე მიუთითებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ საჯარო მოხელეების
მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულებისკენ მიმართული ძალისხმევა,
მათ შორის საპროტესტო განცხადებები, არ უნდა გახდეს დევნის ან დასჯის
საფუძველი. ორგანიზაციები განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეების
იძულება, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან საკუთარი ნებით
გათავისუფლების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
იურისტები მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, არ დაემორჩილონ მსგავს
ზეწოლას და მუქარის დოკუმენტირება მოახდინონ. მათ რეკომენდაციას
წარმოადგენს სახალხო დამცველთან და იურისტებთან მიმართვა, რათა საჯარო
მოხელეების უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.