ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს
– საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის
არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.
ცესკო გავრცელებული განცხადებით პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსენებს.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა
(პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
(ცესკოს) თავმჯდომარეს:
- ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის
შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს
ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
- ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო
არჩევნებისას;
- ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს
წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
- ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1-ელი
იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ
ვერცერთ პირობას.
პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას,
განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში.
პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60
დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში
პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.
მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო
კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო
პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში
ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს
თავმჯდომარეს.
განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ,
ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული
ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების)
რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის
უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით“,
– ნათქვამია
განცხადებაში.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის
არჩევნების წესებით ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის 2017
წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა 4%-იანი ბარიერით.