დღეს დილით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსები და
მიკროავტობუსები)
გადახდის აპარატებიდან სხვადასხვა მიმართვები და
მუსიკა ისმოდა.
გაჟღერდა ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 9 აპრილის სიტყვა, ზურაბ
ჟვანიას ცნობილი ფრაზა „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი,“
ასევე ევროკავშირის ჰიმნი და სხვა შეტყობინებები.
თბილისის მერიის განცხადებით, ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, კიბერშეტევის
შედეგია. დროებით გაითიშა გადახდის სისტემა, ხოლო ხარვეზის აღმოფხვრის
პერიოდში საზოგადოებრივი
ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ
მოემსახურება.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა
ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები -
შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, აუდიო ჩანაწერები ჩართულია.
ტექნიკური ჯგუფი ოპერატიულად მუშაობს და უახლოეს პერიოდში სისტემა
კვლავ ამოქმედდება," – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აღნიშნული ინციდენტი თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროევროპული
დემონსტრაციების ფონზე განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას,
რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ განიხილება.