მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობის 27-ე დღეს კლინიკა "ვივამედში"
იმყოფება,
ექიმთა კონსილიუმმა მოინახულა. კონსილიუმი სახალხო დამცველის
ინიციატივით შეიქმნა და მისი რეკომენდაციაა, რომ პაციენტის
მდგომარეობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ დარჩეს. ექიმების თქმით, ამ
ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს
შეიძლება შეიცვალოს.
„მნიშვნელოვანია, ყოველდღიური მონიტორინგი
განხორციელდეს,“ – კონსილიუმის წევრი
კონსილიუმი ოთხი სპეციალისტისგან შედგება:
გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და ოფთალმოლოგი.
გასტროენტეროლოგ გიორგი გვილიას თქმით, მზია ამაღლობელი კლინიკაში
გადმოყვანამდე უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო:
„ახლა თავს შედარებით უკეთ გრძნობს, თუმცა მდგომარეობას აქვს თავისი
საზღვარი. დადგება დრო, როცა ექიმების ჩარევა აღარ იქნება
საკმარისი.“
ექიმის თქმით, ყველაზე კრიტიკული ცვლილებები შეიძლება მოხდეს
მოულოდნელად:
„დღეს შეიძლება კარგად იყოს, მაგრამ ხვალ ყველაფერმა რადიკალურად
შეიცვალოს. არაა მთავარი, ამ წუთში რა მდგომარეობაშია, არამედ
ცვლილებების სისწრაფეა მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა გიორგი
გვილიამ.
„
ორგანიზმში შესაძლოა შეუქცევადი პროცესები
დაიწყოს“
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ შიმშილობის ხანგრძლივი გაგრძელების
შემთხვევაში, ორგანიზმში ისეთი ცვლილებები განვითარდება, რომ
სამედიცინო ჩარევა ვეღარ შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას.
„შესაძლოა, სხვადასხვა ორგანოში – გულში, საჭმლის მომნელებელ
სისტემაში, თირკმელებსა და ღვიძლში – ფუნქციური უკმარისობა
განვითარდეს. ამ ეტაპზე საჭიროა, რომ პაციენტი კლინიკაში დარჩეს და
მკურნალობა გაგრძელდეს,“ – ამბობს გვილია.
ექიმთა კონსილიუმი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მიმდინარე სამედიცინო
პროცედურებისა, ორგანიზმში პროცესები შესაძლოა იმ ეტაპამდე მივიდეს,
როცა მკურნალობაც აღარ იქნება შედეგიანი.