შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
- სამინისტროს პრესცენტრი ვაჟა სირაძეზე ინფორმაციას ადასტურებს და
სხვა საკადრო ცვლილებებსაც ასახელებს.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მიუთითეს, რომ ვაჟა
სირაძე, - რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის
სანქცირებული, - აღარ იკავებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის პოსტს.
შსს-ის განცხადების თანახმად, საკადრო ცვლილებები ასე
გამოიყურება:
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის („კრიმპოლის“) დეპარტამენტის
დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დანიშნეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
თავმჯდომარედ; დაცვის პოლიცია შსს-ის სსიპ-ია;
კუპატაძისათვის ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას აქვთ სანქციები
დაწესებული მიმდინარე დემონსტრაციების „ჩახშობასთან“
დაკავშირებით;
"კრიმპოლის" დირექტორად დაინიშნა კუპატაძის მოადგილე დავით
კიკნაძე;
ვაჟა სირაძე, რომელიც 2019 წლიდან საპატრულო პოლიციის უფროსი იყო,
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა;
სირაძის ნაცვლად საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს დაიკავებს ლევან
მაისურაძე, - რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე იყო;
სირაძემ ჩაანაცვლა ლაშა გოგნიაშვილი - თავად გოგნიაშვილი კი დაინიშნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
ლაშა გოგნიაშვილი 5 აპრილს დანიშნეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად - მან თანამდებობაზე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დაჰყო. მანამდე
ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
გოგნიაშვილამდე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან
თამაზაშვილი იყო, - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული. ის აჭარის
მთავრობის თავმჯდომარე გახდა.
ამასთან, ცვლილებებია შსს-ის რეგიონული ხელმძღვანელების
შემადგენლობაშიც. კერძოდ:
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი
დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე გადაიყვანეს მცხეთა-მთიანეთში;
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად
დაინიშნა ლევან კვიციანი;
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად;
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა
ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად
დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
კახაბერ მურადაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებაში მიმდინარე საკადრო
ცვლილებები „სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას
ემსახურება“.