მსოფლიო ამბები - მოკლედ
რა ხდება მსოფლიოში, მოკლე მიმოხილვა

კიევზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა შუაღამის შემდეგ დაარტყეს ქალაქს, რამაც რამდენიმე რაიონში სახლებისა და შენობების დაზიანება და ხანძრები გამოიწვია. ივლისის დასაწყისიდან ეს უკვე მორიგი მასშტაბური შეტევაა კიევზე.

აშშ უკრაინას კვლავ

აწვდის ზოგიერთი სახეობის იარაღს

აშშ-მა, პაუზის შემდეგ, უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება განაახლა. Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინას გადაეცემა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და GMLRS რაკეტები. მიწოდება შეჩერებული იყო პენტაგონის მარაგების შემცირების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერი დარტყმების ქვეშაა და მას დამატებით თავდაცვით იარაღს გაუგზავნიან.


კურსკში სანაპიროზე მომხდარ ინციდენტს 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ კურსკის სანაპიროზე 8 ივლისს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 5 წლის ბიჭი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევებმაც გამოიწვია მსხვერპლი. რუსული მხარე მომხდარში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს, თუმცა ინციდენტის ადგილიდან 600 მეტრში თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი საწარმო მდებარეობს.

ზელენსკი რომის პაპს შეხვდა ვატიკანში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გადაუდებელი აუცილებლობა“. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა წმინდა საყდარს რუსეთში გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში ჩატარების შესაძლებლობა.



კრემლი ტრამპის კრიტიკას „მშვიდად“ ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმირ პუტინის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკებებს ეხებოდა, კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი „მშვიდად“ არის კრიტიკასთან დაკავშირებით და გააგრძელებს აშშ-რუსეთის „გაფუჭებული“ ურთიერთობების გამოსწორების მცდელობას. ტრამპმა მანამდე უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა და რუსეთისთვის დამატებით სანქციებს განიხილავს.



გერმანიის კანცლერი: უკრაინაში ომის დასასრულებლად „დიპლომატიური საშუალებები ამოწურულია“

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის ხელისუფლებას „დამნაშავე რეჟიმი“ უწოდა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად „დიპლომატიური საშუალებები ამოწურულია“. მერცმა ხაზი გაუსვა გერმანიის პასუხისმგებლობას ლიდერობაზე ევროკავშირსა და ნატოში და დაადანაშაულა რუსეთი ევროპის პოლიტიკური თავისუფლების დანგრევის მცდელობაში.

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებმა ათასობით ჰექტარი გაანადგურა

საფრანგეთისა და ესპანეთის სამხრეთსა და ჩრდილოეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს დიდი ზიანი მოჰყვა. საფრანგეთის ქალაქ მარსელში 400-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ხანძარმა 700 ჰექტარი და 60-ზე მეტი სახლი დააზიანა, დაშავდა 110 ადამიანი. ნარბონის რაიონში 2000 ჰექტარი განადგურდა. ესპანეთის კატალონიის მხარეში 3000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. Copernicus-ის მონაცემებით, 2025 წლის ივნისი დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი იყო, რამაც ხანძრების გავრცელებას შეუწყო ხელი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები