თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან
ხაბეიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების კანონიერების საკითხზე პროცესი
გაიმართა.
ბრალდებულის ინტერესებს მისი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი იცავდა,
რომელმაც სასამართლოს მოუწოდა, არ გამოიყენოს პატიმრობა, როგორც
„ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, და საქმეს პოლიტიკური დევნის
კონტექსტი მიანიჭა.
ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება ქრთამის მიცემა (სსკ 339-ე მუხლის მე-2
ნაწილი) უკანონო ქმედების ჩადენის მიზნით, რაც 4-დან 7 წლამდე
თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა, მოსამართლეს
მიმართა და აღნიშნა, რომ საქმე შერჩევითი სამართლის ნიშნებს
შეიცავს:
„სახეზეა შერჩევითი სამართალი - ერთ შემთხვევაში კორუფციაში
მხილებული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ უდიდესი
გავლენა მოწმეებზე ზემოქმედების, პროკურატურა შუამდგომლობს გირაოს და
სასამართლოც ეთანხმება, რომ თურმე გირაოა საკმარისი, რომ ეს ადამიანი
არ გაიქცეს და მოწმეებზე ზემოქმედება არ მოახდინოს და მეორე მხარეს
არის ადამიანი, რომელსაც უკანონობასთან შეხება არ ჰქონია და ბრალი
დამყარებულია აბსურდზე... ბუნებაში არ არსებობს საჯაროდ შეთავაზებული
ქრთამი, არ არსებობს ასეთი შემადგენლობა... მე მინდა დავაფიქსირო
მაინც, რომ ლევან ხაბეიშვილთა მიმართებით თავიდან ბოლომდე სისხლის
სამართლის საქმე გამოყენებულია როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი,
მისი დაკავება გაჯერებული იყო პოლიტიკური კონტექსტით, დაწყებული
ბრალდების აბსურდულობიდან დამთავრებული იმ აბსურდით, რასაც დღეს
ვისმენთ. პროკურორსაც არ სჯერა, რომ ლევან ხაბეიშვილი მიიმალება ან
ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ეს არის შაბლონი, რომელსაც იყენებს
პროკურორი, როცა სურს პიროვნება საზოგადოებისგან იზოლაციაში
მოხვდეს... ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მართლმსაჯულებაა,
ბატონო მოსამართლე".
ამის შემდეგ განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა, ლევან
ხაბეიშვილმა:
„იმედია არ შემზღუდავთ დროში.. ბევრი რამ დაგროვდა ორი თვის
განმავლობაში. საქმე ისეთია ჩემთან დაკავშირებული, ისეთ საკითხს
გულისხმობს... ბევრი ანალიზი გავაკეთე ორი თვის განმავლობაში,
სოლიდარობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს
მსგავსად, პროტესტის გამოხატვის გამო, უკეთესი მომავალი უნდათ,
აპროტესტებენ ამათ.. და ციხეში არიან გამოკეტილები.
მინდა სასამართლოს სხვა კუთხით დავანახო ეს რეალობა.... სასამართლო არ
უდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი,რომ მოდის ელოდება გილიოტინაზე
აყვანას და ჩამოხრჩობას, მე აქ რომ მოვდივარ, მინდა მქონდეს 0.5%
იმედი, რომ სამართალს ვიპოვი, პატარას, სადღაც იმედის მარცვალი რომ
მქონდეს..
ჩვენ ხალხმა რატომ გავაკეთეთ სასამართლო? მოგეცით უფლებამოსილება
დამნაშავე კრიმინალი მკვლელი, ქურდი, ყაჩაღი მძარცველი დააკავოთ და
საზოგადოებას მოაშოროთ... ჩვენ რომ კონსტიტუციაში დავწერეთ, რომ
ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, იმიტომ კი არ მივეცით სასამართლოს
ლეგიტიმაცია, რომ დაგვაკავეთ, ჩაგვყარეთ დილეგებში, მოწყვიტეთ დედებს,
მამებს შვილები....
არ შეიძლება ავიღოთ მოქალაქე და გადავაგდოთ ნაგავში...ადამიანები რომ
განვითარდნენ, სამართალი ჰუმანური გახდა. ადამიანზე ორიენტირებული
გახდა, მაგრამ ვერ ვპოულობ სამართალს, ორი თვეა ვზივარ, რის გამო,,,
ჩემს თავზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ სხვა დაკავებულებსაც, რომლებიც
ციხეში პროტესტის გამო სხედან..
რა მედება ბრალად? რაიმე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოს ლევან
ხაბეიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები. სადაო არაფერი
მაქვს, საჯარო განცხადებებია ჩემი, საეთერო, სადაც ვამბობ, რომ
სამართალდამცავმა პატივი უნდა სცეს კანონს, არ იძალადოს ხალხზე და
დაჯილდოვდება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან....
კანონში მე პირდაპირ მიწერია, რომ პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება
ჩაითვალოს ქრთამად...
პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში გაუგებარი
რამეა, პროპაგანდამ რომ ნახა ბრალი სიგიჟეა, ამოიღო ის, რომ აქციას
პროაქტიულად ვუჭერდი მხარს, ამოიღო სიტყვა დამხობა და ბრალი
წამიყენა...დამხობა არის მოქმედება..
როცა საუბარია აქციის სახელწოდებაზე - ივანიშვილის მშვიდობიანი
დამხობა, პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის
გავრცელება, ვიფიქრებთ სლოგანებს. როცა ვამბობთ ცეცხლი ოლიგარქიას, ეს
ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ. როცა ვამბობთ,
რომ სისტემა უნდა დაინგრეს, პერფერატორით ხომ არ უნდა მივადგეთ და
დავანგრიოთ სისტემა?
ორი შვილი მყავს, მამა მოაკლდათ, მაგრამ მათ გააზრებული აქვთ, რომ
მამა ბრძოლაშია.. მაგრამ დაკოჟრილხელიანი ხალხი ვნახე... მათ ისიც კი
უხაროდათ ულუფა შეგვხვდება, რომ დაგვაკავებენო..
....ლაპარაკის გამო შეიძლება პოლიტიკოსი იყოს? თურმე არ ეყოთ ორი თვე
იმისთვის, რომ .... პროკურორებმა არ უნდა გაიარონ სწავლება ისე, რომ
სამი დღე დახურულ სივრცეში არ გაატარონ [სიცილია]... ორი თვე...სამი
თვე.. ადამიანის გამოგლეჯილი ცხოვრებაა ხალხო. როგორ შეიძლება
ჩაითვალოს, რომ ლევან ხაბეიშვილის საზოგადოებისთვის საშიშია და ვაიმე
ხვალ რაიმე დანაშაული არ ჩავიდინო...
როცა ირაკლი ღარიბაშვილზე ვლაპარაკობდი, მეუბნებოდნენ „შე მასხარა, შე
პროვოკატორო“ და აქ მოგიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილი...“
პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა შუამდგომლობის დასაბუთება დაიწყო იმით,
რომ წინა მოსამართლემ მათი არგუმენტები გაიზიარა და ხაბეიშვილს
პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თქმით, კვლავ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენის,
მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. ხუნაშვილის
განცხადებით, ბრალდების შინაარსი „საზოგადოებისთვის მომეტებული
საფრთხის შემცველია და წესრიგის დარღვევისკენაა მიმართული“.
„
დღეის მოცემულობით არანაირი ახლადგამოვლენილი გარემოება არ
არსებობს, რაც განგრძობადი პატიმრობის მიზანშეუწონლობზე მიუთითებდა.
შესაბამისად ჩვენი პოზიცია უცვლელია... დატოვეთ პატიმრობა
ძალაში“, - განაცხადა პროკურორმა.
სასამართლო პროცესს აშუქებდა რადიო "თავისუფლება".