რა თქმა უნდა საკადრო ცვლილებები იქნება - მარნეულის ახალი მერი
მარნეულის ახლადარჩეული მერის, დაურ ისმაილოვის განცხადებით, მარნეულის მერიაში იგეგმება საკადრო ცვლილებები, რომლის შესახებაც ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

დღეს, 30 ოქტომბერს, მარნეულის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მარნეულის მერი, დაურ ისმაილოვიც ესწრებოდა. დაურ ისმაილოვმა მერის მოვალეობის შესრულება, ოფიციალურად, 29 ოქტომბრიდან დაიწყო.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს მერიაში, ისმაილოვი აცხადებს, რომ რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები

მარნეულის მერიაში ახლო მომავალშია დაგეგმილი.

„მარნეულის მერია მზად არის ითანამშრომლოს საკრებულოსთან და ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს მშობლიურ მუნიციპალიტეტს. ახალი ენერგია, ახალი კადრებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვავითარებთ ჩვენს მარნეულის მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება მერიაში სამომავლო საკადრო ცვლილებებს, რა თქმა უნდა საკადრო ცვლილებები იქნება, რომელიც მალე მოგეხსენებათ.
რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მე გეტყვით, რომ მოდით დაველოდოთ მოვლენებს და ახლო მომავალში ყველაფერი იქნება ყველასთვის ცნობილი“.
- განაცხადა დაურ ისმაილოვმა

მარნეულის ახლადდანიშნული მერი არ აკონკრეტებს თუ რა სახის საკადრო ცვლილებები აქვს დაგეგმილი. დაურ ისმაილოვი ამ ეტაპზე არც მისი მომავალი მოადგილეების შესახებ აკეთებს განცხადებას.

დღეს, 30 ოქტომბერს, მარნეულის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე კვლავ ამირან გიორგაძე აირჩიეს. ამირან გიორგაძეს 3 მოადგილე ეყოლება, პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვია, ხოლო მოადგილეები ვასილ ხახულაშვილი და რიჩარდ გიგანი.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები