ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, მისი მოადგილე კი დააკავეს
10:08 / 31.10.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა
გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
კურატორი იყო.
გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა
დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის,
ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა
ობიექტზე.
საგამოძიებო
სამსახურის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების
ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, ფონდის
პროგრამის მენეჯერმა და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერმა სრულად
ითანამშრომლეს გამოძიებასთან – მათ აღკვეთის ღონისძიების სახით
სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის
რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 801 ლარის თაღლითურად
დაუფლებისა და 1 მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულნი არიან შპს „ლაგი კაპიტალის“
ხელმძღვანელი პირები.
ირაკლი კობახიძე, თორნიკე რიჟვაძე და ირაკლი ქარსელაძე ბათუმში
რეაბილიტირებულ გმირთა ხეივანს ათვალიერებენ. აქედან მალევე გმირთა
ხეივანში მოწყობილი ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის
ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ფონდში წარდგენილი ავანსის
მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ
უზრუნველყოფილი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზემოთ დასახელებულმა პირებმა
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავალებით სამსახურებრივი
მოვალეობა ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით,
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში
მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს
„ლაგი კაპიტალზე“ ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 მილიონ
218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი. აქედან 9 მილიონ 365 801 ლარს
შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილებით და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 194-ე მუხლის
მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს. ეს ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 9-დან 12 წელამდე ვადით.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბურ პროექტებს ბათუმშიც
ახორციელებს. კერძოდ, ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა
და ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი
დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა.
პროექტში 119 მილიონი ლარი იხარჯება, სამუშაოები ისე დაიწყო, რომ
რეაბილიტაციის პროექტი არავის უნახავს.
ამავე ფონდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე
ბათუმში რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის
თანდასწრებით გახსნა, 2025 წლის ზაფხულში ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე
მწყობრიდან გამოსული იყო.