„ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნის განვითარების ახალ 10-წლიან
სტრატეგიაზე მუშაობას აანონსებს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა. ამგვარად კობახიძე მისი წინამორბედის ირაკლი ღარიბაშვილის
დროს შემუშავებულ 10-წლიანი განვითარების დოკუმენტის „ხედვა-2030“-ის
დამტკიცებიდან 3 წლის შემდეგ ახალი დოკუმენტით საქართველოს
განვითარების 2026-2036 წლების სტრატეგიით შეცვლის.
დღეს მოქმედი საქართველოს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა
„ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“ კობახიძის
წინამორბედის ირაკლი
ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შემუშავდა. 2021
წელს ახლად გაპრემიერებულმა ღარიბაშვილმა, თებერვალში პარლამენტის
რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ განვითარების სტრატეგიის
შემუშავება 100 დღის ვადაში მოხდებოდა, თუმცა დოკუმენტი მთავრობამ
თითქმის 1.5 წლის შემდეგ - 2022 წლის სექტემბერში დაამტკიცა.
დღეს ირაკლი კობახიძეს დოკუმენტის შემუშავებისთვის საჭირო კონკრეტული
ვადა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა „აქედანვე
დასაწყებია“.
„ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი“ -
განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ დოკუმენტში კონკრეტული მიზნები
და ამოცანები, მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები იქნება
გაწერილი.
„გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან
სტრატეგიაზე, გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც
უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და
სტაბილურ განვითარებას
მეტი დეტალი საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვფიქრობ,
რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის
დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული
გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების
განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას.
აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ
ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.