„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „მთავრობის
საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა
და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის“,
თუმცა 2021-2022-2023 წლებში გიორგი გახარიასა და ირაკლი ღარიბაშვილის
პრემიერობის პერიოდში გამოცემული განკარგულებები დღემდე
გამოქვეყნებული არ არის.
მიმდინარე წლის დასაწყისში BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის
პრესსამსახურში უპასუხეს, რომ აღნიშნულ საკითხზე „მიმდინარეობს
მუშაობა“.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის
სამართლებრივ აქტებში მანკიერებების გამოვლენის
შემთხვევაში
მოქალაქეებს შეუძლიათ მთავრობას კითხვებით მიმართონ.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის
მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა
ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად
გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი
ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს
მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგვმართონ კითხვებით და
ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ
გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.