საიათ ეიუბოვა, ნიამადინ შარაევი, ნინო გუსეინოვა, თურქან შახვერდოვა
და კამილ მუსტაფა არჩევნებზე წელს პირველად წავლენ.
ქვემო ქართლის მასშტაბით საარჩევნო ოლქებში 15 113 ახალი ამომრჩეველია
რეგისტრირებული. ეს სტატისტიკა იმ ადამიანების მონაცემებს ასახავს,
ვისაც საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების შემდეგ 18 წელი
შეუსრულდათ. 2024 წლის 1 მაისის მდგომარეობით ქვემო ქართლში ყველაზე
მეტი ამომრჩეველი მარნეულის მუნიციპალიტეტს ჰყავს, ყველაზე ნაკლები -
თეთრიწყაროს.
მარნეულის 4 508 ახალ ამომრჩეველსშორისაა სოფელ ქუთლიარში მცხოვრები
ნიამადინ შარაევი. ფიქრობს, რომ ხმის მიცემის უფლებით საპასუხისმგებლო
საქმე დაეკისრა და მის ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
“ასაკოვანი თაობა ძირითადად ფიქრობს, რომ 1 ხმით ვერაფერი
შეიცვლება. მე პირიქით ვფიქრობ, რადგანაც ვთვლი, რომ ერთი ხმა
ხანდახან დიდ როლს თამაშობს. ვფიქრობ, რომ წელს არჩევნები საქართველოს
მომავალს ითვალისწინებს. თუ რამე არ მოგვწონს, შეგვიძლია შევცვალოთ.
ჩვენ როგორც მოქალაქეებს, ბევრი რამ შეგვიძლია, ისტორიის შეცვლა და
ახლის დაწერა” - ამბობს ნიამადინ შარაევი.
ნიამადინ შარაევის გარდა, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ხალხის
ძალაზე საუბრობენ ჩვენი სხვა რესპონდენტებიც, ძირითადად ის
ადამიანები, ვინც საკუთარ თემში აქტივობით, ინფორმირებულობით და
ცვლილებების მოტივაციით გამოირჩევა. დმანისის მუნიციპალიტეტში
მცხოვრები 19 წლის საიათ ეიუბოვა გვიყვება, რომ არჩევნებზე წასვლა
არამხოლოდ ხმის მიცემის მიზნით, არამედ მოხალისეობრივად,
დამკვირვებლის სტატუსითაც სურს. ამბობს, რომ მისი თანატოლების
გარკვეულს ნაწილს საარჩევნო სისტემაში გარკვევა ენობრივი ბარიერის
გამო უჭირს.
“ადრე არ მინდოდა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩემთვის წინა
არჩევნები იყო არასამართლიანი და იმედგაცრუებული ვიყავი. მაგრამ
ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო მსურს ამ წელს
არჩევნებზე წავიდე. არა მხოლოდ როგორც მოქალაქე, არამედ მოხალისე
დამკვირვებელი. შესაძლოა ჩემი ერთი ხმა იმდენად მნიშვნელოვანი არ
არის, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთოთ არჩევანი. იმიტომ, რომ შეიძლება
შევიცვალოთ რაღაცები. ჩემი თანატოლების უმეტესობამ, მაგალითად
კლასელებმა ქართულად კარგად არ იციან. სამწუხაროდ, ესეც იმის შედეგია,
რომ სკოლებში კარგად არ ასწავლიან ქართულ ენას. მე ვიცი რამდენიმე
ადამიანი ჩემი კლასელასიდან, რომლებსაც თვითონაც არ ჰქონდათ სწავლის
სურვილი არჩევნებზე” - ამბობსს საიათი.
საიათის მსგავსად, არჩევნებზე წასვლა გადააწყვეტინა საქართველოში ბოლო
დროს განვითარებულმა მოვლენებმა კამილ მუსტაფასაც.
“ადრე ვფიქრობდი, რომ თუ ვინმე კანდიდატს არ ვუჭერ მხარს,
აზრი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ ქვეყანაში მომხდარი
მოვლენების მერე მიხვდი რომ არჩევნებში მონაწილეობა ძალიან საჭიროა
ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის .ვფიქრობ აუცილებლად უნდა მივიღო
მონაწილეობა. არ მინდა, რომ ახალგაზრდებმა იფიქრონ ხმის მიცემით
არაფერი შეიცვლება”
არჩევნებზე წასვლის მოტივაცია აქვს მარნეულის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ თურქან შახვერდოვას. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორი “ერთი
ხმის” მნიშვნელობის დანახვის პრინციპი.
“მსოფლიოში ჩატარებულ მრავალ არჩევანში ერთმა ხმამ
გადამწყვეტი როლი ითამაშა. ზუსტად ამ მიზეზით მეც აუცილებლად მივიღებ
მონაწილეობას არჩევნებში და ადამიანებს ერთი ხმის მნიშვნელობას
ვაჩვენებ. არჩევნები უფრო პრობლემური საკითხია ეთნიკური
უმცირესობებისთვის, ვიდრე სხვა მოქალაქეებისთვის. ქვეყნის
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული.
რამდენადაც მე ვხედავ, ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო
მეტად ეხმარებიან მოქალაქეებს, ვიდრე სახელმწიფო. ვფიქრობ,რომ
სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული და უნდა მოაწყოს შეხვედრები
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.განსაკუთრებით იმ ადგილებში,სადაც
ენის ბარიერი შესამჩნევია."
წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების უმეტესობა ახალი ამომრჩეველია. ქვემო ქართლის რეგიონზე
მუნიციპალიტეტების ჩაშლით მაისის მდგომარეობით ასეთი სტატისტიკა
გვაქვს. ცესკოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რაოდენობის განახლება და
დამუშავება არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოხდება. (ციფრი შესაძლოა
გაიზარდოს)
- • რუსთავი - 3321
- • გარდაბანი - 2935
- • მარნეული - 4508
- • ბოლნისი - 2208
- • დმანისი - 880
- • წალკა - 642
- • თეთრიწყარო -619
“არსებითია გავიაზროთ, რომ ამ არჩევნებზე მონაწილეობას
იღებს ის თაობა, რომელიც თავისუფალი საქართველოს ფარგლებში დაიბადა”
- გვეუბნება ორგანიზაცია ღია სივრცე კავკასიის
თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი და ფიქრობს, რომ ახალგაზრდების
აქტიურობას მეტ წილად ქვეყანაში მომხდარი მოვლენები განსაზღვრავს,
რადგანაც მათ უკვე გამოიყენეს კანონით განსაზღვრული უფლებები. მათ
შორის: პროტესტის, მშვიდობიანი მანიფესტაციის და აზრის
გამოხატვის.
“ერთი საერთაშორისო სტანდარტი არის, შესაძლებლობათა
თანასწორობა. როდესაც საარჩევნო პროცესი იწყება, საარჩევნო პროცესში
ჩართულ აქტორებს, საარჩევნო სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობათა
თანასწორობა იმისთვის, რომ ადამიანებს სრულად მიაწოდონ ინფორმაცია და
ამ ინფორმირებული გადაწყვეტილების პერიოდში ჩამოყალიბდეს ჩემი ნება თუ
ვის ვაძლევ ხნას. ეს არის კომპლექსური საკითხი და ერთი როდესაც
ვსაუბრობთ იმაზე, რომ თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა
ახალგაზრდებმა სხვანაირი კრიტიკული აზროვნებით გაზრდილმა თაობამ
გადაწყვიტა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ეს ძალიან კარგია და ჩვენ
ვხედავთ როგორ შედგა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში და მეორეა
უკვე ის ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი შემხებლობა ჰქონდათ
პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვხედავთ რამდენად ნეგატიურად შიშის და
თვითცენზურის განწყობების მატარებელი იყო ის გარემო. როდესაც
ადამიანები იღებდნენ ინფორმაციას და ნიჰილიზმი ჰქონდათ რომ არაფერი
შეიცვლება. ესეც პროპაგანდის და დეზინფორმაციის ნაწილი იყო იმიტომ,
რომ ვიღაცა საუბრობდა იმაზე რომ პოლიტიკაში ჩართვა ცუდია და თუ მე
რაღაც აზრი გამოვხატე, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას
მიმაწერენ. ბოლო ორი წლის მოვლენებმა დაგვანახა
რამდენად ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და ძირითადი იდეის გარშემო
როგორ ერთიანდება როდესაც მაგალითად ევროპული ოჯახის საკითხის დაცვას
ეხება ეს თემები.” - ამბობს ირმა პავლიაშვილი.
2015 წლის შემდეგ მარნეულმა ხუთი არჩევნები გამოიარა. მათ შორის
ადგილობრივი თვითმმართველის სამი. მუნიციპალიტეტის რეალობას თუ
განვაზოგადებთ, აქტივობა ყოველთვის დაბალი იყო, თუმცა საქართველოში
ბოლო პერიოდში ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას მეტწილად
სწორედ ახალგაზრდები აპროტესტებდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე
თვლის, რომ ბოლო წლებში ნამდვილად შეიმჩნევა ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი ახალგაზრდების გააქტიურება, რასაც ხელს მნიშვნელოვნად
უწყობს ენობრივი ბარიერის დაძლევა.
“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის პოზიტიური სოციალური
დინამიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების თემში ჩანს. ეს მარტივად
არის 1+4 პროგრამის შედეგი, რომელმაც გაზარდა უმაღლესი განათლების
მქონე ახალგაზრდების რაოდენობა ამ თემებში, რომლებიც არა მხოლოდ
სახელმწიფო ენა შეისწავლეს, არამედ ახალი ტიპის მოქალაქეობა მიიღეს,
რომელიც არის უფრო კრიტიკული, დემოკრატიული, მულტიკულტურული. დღეს
ვხედავთ მათ მიერ ორგანიზებულ სათემო ორგანიზაციებს, სამოქალაქო
ორგანიზაციებს და ისინი ნამდვილად არიან სოციალური ცვლილებების
გამტარებლები. ისინი ცვლიან დისკურსს, აღქმას ეთნიკური უმცირესობების
და მოქალაქეების ახალ პრაქტიკას და გამოცდილებას ქმნიან
ადგილებზე.” - თქვა თამთა მიქელაძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
განსხვავებულ ფორმატში. სრულიად პროპორციული სისტემით და 5%- იანი
ბარიერით. ეს იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული წესით პარლამენტში
მოხვედრა უქმდება. ამომრჩეველთა 90%-ს ხმის დაფიქსირება ციფრული
ფორმით მოუწევს. რაც წესით, ახალი თაობის ამომრჩევლებისათვის რთულად
გასარკვევი არ უნდა იყოს.
თიკო
დავაძე,
რადიო "მარნეული"