საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლებმა,
ერთობლივი ოპერაციის შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს.
სამართალდამცველებმა 2007 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ
დაკავებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის — ელმურაზ
მამედოვის დავალებით უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
კაბალში მცხოვრები მოქალაქე. მკვლელობის მოტივი ფინანსური დავა იყო —
დაზარალებულს 200 ათასი ამერიკული დოლარის
გადახდაზე უარი უთქვამს,
რის შემდეგაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა მისი ლიკვიდაცია დაგეგმა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენამდე აღკვეთეს შესაძლო
მკვლელობა. დაკავებული ბრალდებულია შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში,
ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარებაში.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღო „მაკაროვის“
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ჩადენილი ქმედება აღიარა. მისი
დანაშაულებრივი მოქმედებები დადასტურდა ფარული საგამოძიებო
მოქმედებებით, მობილური ტელეფონის დათვალიერებითა და სხვა
მტკიცებულებებით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე
და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასა
და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას.
სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს,
რათა გამოავლინონ სხვა პირებიც, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულნი
იყვნენ როგორც აღნიშნულ დანაშაულთან, ისე ელმურაზ მამედოვის
კრიმინალურ საქმიანობასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ელმურაზ
მამედოვის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე
მიმდინარეობს გამოძიება. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარითაა ძებნილი
და ამჟამად საზღვარგარეთ იმალება.
სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, ინტენსიური სამუშაოები
გრძელდება მამედოვის დაკავებისა და საქართველოს მართლმსაჯულების
წინაშე წარდგენის მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და ამ მიმართულებით
პრევენციული და ოპერატიული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.