“ალბათ, ერთი ეროვნების რომ ვყოფილიყავით, ასეთი რამ არ მოხდებოდა” - რას ყვება თბილისში ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა

2 ნოემბრის ღამით თბილისში ორ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს.


ინციდენტი მაღაზიაში ფულის დახურდავების გამო დაწყებული კამათის შემდეგ მოხდა.

მომხდარის შესახებ რადიო “მარნეულთან” ერთ-ერთმა დაზარალებულმა ისაუბრა. მისივე თქმით, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ერთი ქალი მაღაზიაში შევიდა და 3 ლარის 5-თეთრიანებად გადაცვლა მოისურვა. თანამშრომლებმა მას აუხსნეს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რის შემდეგაც ქალი აგრესიული გახდა და

უხამსი სიტყვებით ლანძღვა დაიწყო.

„ასეთი რაოდენობის ფულის დახურდავება შეუძლებელია. ჩვენ იქ 12 საათს ვმუშაობთ, და ჩვენც გვჭირდება ხურდა. ვუთხარით, რომ თუ რამეს იყიდით, შეგვიძლია ამ გზით დავახურდავოთ. ამაზე მიპასუხა: ‘რატომ არ შეიძლება? მე ყოველთვის აქ ვცვლი და ა.შ.’ შემდეგ დაიწყო გინება. მე სალაროსთან მივედი. თავიდან ჩემი მეგობარი იდგა სალაროში. მკითხა, იციო თუ არა ქართული. ვუპასუხე, კი, ვიცი-მეთქი. დაიწყო ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმა. ქალი იყო და ამიტომ სერიოზულად არ მივიღე. როცა მეგობართან საუბრობდა, საუბარში მეც ჩავერთე. ჩემსკენ წამოვიდა და დამარტყა. მე ხელი მკლავზე მოვკიდე - პასუხი არ გამიცია, ქალს ხომ ვერ დავარტყამ“.

ახალგაზრდებმა ქალს მაღაზიის დატოვება სთხოვეს, თუმცა ის ისევ აგრძელებდა გინებას. როცა ქალი მაღაზიიდან გავიდა, თანამშრომლები გააფრთხილა, რომ თავის შვილს დაუძახებდა.

„დაახლოებით 4–5 წუთში მოვიდა. ვიდეოშიც ჩანს, რომ პირველად ჩემზე წამოვიდნენ. ჩვენ ცვლას ვცვლიდით - მე სალაროში ვიყავი, მეგობარი კი თაროებს ალაგებდა. ჯერ ქალი შემოვიდა, შემდეგ კი მასთან ერთად კიდევ 5 ადამიანი. სახეები ვერ დავინახეთ კარგად. ხშირად მოდიან 4–5-კაციანი ჯგუფები. ჩვენ იმ მაღაზიის მუდმივი თანამშრომლები არ ვართ, მხოლოდ ერთი ღამით მისულები ვიყავით დასახმარებლად. ღამით უნდა გვემუშავა და დილით ხელფასი აგვეღო. როცა ისინი შიგნით შემოვიდნენ, მე სხვა ორ მყიდველს საქონელს ვუტარებდი კომპიუტერში. ერთმა სიგარეტი ითხოვა, და სწორედ ამ დროს შემოსულთაგან ერთ-ერთმა უკნიდან ყელზე ხელი მომკიდა. 24-საათიან „Spar“-ში ღამით ადმინისტრაცია არ იმყოფება, ისინი გვიბარებენ და მიდიან“.

დაზარალებულის თქმით, მათ დასახმარებლად არავინ მისულა.

„შემდეგ ერთი ქალი მომიახლოვდა, ჩემი პიჯაკი მოიტანა და მდგომარეობა მკითხა. არ ვიცი, ვინ გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო. ფეხი გამისივდა, ზურგისა და გულის უკან ტრავმა მივიღე, თავზეც მაქვს დაზიანება. მკურნალობა 20–25 დღე გაგრძელდება. ჩემს მეგობარს თავზე 2–3 ნაკაერი აქვს. ექიმმა მითხრა, ერთი თვის განმავლობაში ზურგზე უნდა ვიწვე. ჯერჯერობით სოფელში ვარ და ვისვენებ. ალბათ, ერთი ეროვნების რომ ვყოფილიყავით, ასეთი რამ არ მოხდებოდა. შეიძლება იფიქრა, რომ მასთან ხუმრობით ვსაუბრობდით. ქალი იყო და ცუდად არაფერი გვითქვამს. უბრალოდ, იმიტომ გავჩუმდით, რომ ქალი იყო,“ – ამბობს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევასთან დაკავშირებით 6 პირი დააკავა: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ., 1995 წელს დაბადებული დ.კ. და 1997 წელს დაბადებული შ.ა.

დანაშაულის ჩამდენ პირებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით, რომლებიც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობასა და მის ორგანიზებას გულისხმობს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები