მთავრობის ადმინისტრაციას მალე ექნება შესაძლებლობა, მიიღოს
ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან,
რომელიც შეიცავს საგადასახადო საიდუმლოებას და პერსონალურ მონაცემებს,
მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია.
ცვლილებები შეეხება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონს, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონსა და საგადასახადო კოდექსს.
საკანონმდებლო პაკეტი "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციამ
მოამზადა.
მთავრობის
ადმინისტრაცია ხაზს უსვამს, რომ ცვლილება უზრუნველყოფს
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციონირებას. დეპარტამენტს
ამჟამად ვერ აქვს მონაცემების გამოთხოვის უფლება, რაც აფერხებს
რისკების გამოვლენა-შეფასებას, მონაცემების შეგროვებას, მონიტორინგსა
და კონტროლს, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობის და
გამჭვირვალობის შეფასებას, რეკომენდაციების მომზადებას.
„რისკების გამოვლენა და შეფასება მხოლოდ ზედაპირული ან
საჯარო მონაცემებით შეუძლებელია. ინფორმაციის გამოთხოვის უფლება
გაზრდის ანალიზის ხარისხს და დეპარტამენტს მისცემს საშუალებას,
შეადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და
ანგარიშები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საგადახდო კოდექსში ცვლილებების აუცილებლობა კი განმარტებულია
შემდეგნაირად:
"ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით
საგადასახადო საიდუმლოებასთან მიმართებით დეტალურადაა განსაზღვრული იმ
პირთა ჩამონათვალი, რომელთაც შეიძლება გადაეცეთ ცალკეული გადასახადის
გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, მიზანშეწონილია,
ამავე კანონში მიეთითოს, რომ ცალკეული გადასახადის გადამხდელის
შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება ასევე გადაეცეს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონითა და მის
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით", - წერია
განმარტებით ბარათში.