რატომ შეისყიდა მერიამ "მარნეულობა 2025" გადაუდებელი აუცილებლობით
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ “მარნეულობა 2025”- ის ჩასატარებლად ტენდერი პირდაპირი შესყიდვის წესით გააფორმა და მიზეზად გადაუდებელი აუცილებლობა მიიჩნია. შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე, თამარ ელოშვილს გაუფორმა. თამარ ელოშვილი “მარნეულობა 2025”-ს 155 000 ლარად გამართავს.

ტენდერის გადაუდებელი წესით შესყიდვაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს მოხსენებითი ბარათით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური-პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა კობა ჩხიტუნიძემ, სადაც განმარტავს, რომ ღონისძიების გადაუდებელი აუცილებლობით

ჩატარება არშემდგარმა ტენდერებმა გამოიწვია.

„მარნეულობა - 2025“ ღონისძიების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, რომელთაგან ერთგზის ელ. ტენდერი გარკვეულ ობიექტურ მიზეზთა გამო შეწყვეტილ იქნა (NAT250013076), რომელიც საგულისხმოა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების საბჭოშიც იყო გასაჩივრებული, რამაც თავის მხრივ მოითხოვა / წაიღო შესაბამის ვადებიც, ხოლო ორგზის კი ელ. ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგებით (NAT250016079 / NAT250017286), რამეთუ ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები არ მოდიოდა სრულ თანხვედრაში / შესაბამისობაში სატენდერო პირობებთან / მოთხოვნებთან, ამ ფაქტობრივმა მოცემულობამ კი ერთგვარად შექმნა გადაუდებელი ხასიათის ვითარება / მდგომარეობა, შესაბამისად ამისა შექმნილ ვითარებას უკვე ვაფასებთ, როგორც გადაუდებელ აუცილებლობად,” - წერია მოხსენებით ბარათში.

„მარნეულობა 2025“-ის ჩატარების მიზნით სამჯერ იყო გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი:

• პირველი ტენდერი 22 ივლისს, რომელშიც მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო – შპს „სითი ივენთ გეორგია“, შპს „სთორი +“ და შპს „აი თრეველი“. შპს „სთორი +“ დისკვალიფიცირდა ტექნიკური დოკუმენტაციის არასწორი შევსების მიზეზით. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა მერიამ ტენდერი კვლავ შეწყვეტილად გამოაცხადა.

მეორე ტენდერი 2 სექტემბერს გამოცხადდა. მონაწილეობა მიიღეს შპს „აი თრეველი“ და შპს „სთორი +“-მა, თუმცა ორივე კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შედეგადაც ტენდერი არ შედგა.

მესამე ტენდერი 22 სექტემბერს გამოცხადდა უცვლელი თანხით. მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო – შპს „აი თრეველი“, შპს „სთორი +“ და თამარ ელოშვილმა. სამივე დისკვალიფიცია ტექნიკური დოკუმენტციის გამო მიანიჭა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი „მარნეულობა 2025“-ის ჩატარებას 198 788 ლარად გეგმავდა, სატენდერო პროცედურების ჩავარდნის შემდეგ, ღონისძიების უზრუნველსაყოფად მერიამ გამარტივებული შესყიდვა რელევანტურად მიიჩნია იმ მიზეზით, რომ განმეორებით სატენდერო პროცედურების დაწყებით მოცემული სადღესასწაულო ღონისძიების განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდებდა.

“წარმოდგენილ ვადაში / თვეში, რამეთუ თუ კი სატენდერო კომისია ისევ ელექტრონული ტენდერის გზით აიღებს გეზს შესაბამისი მომსახურების შესყიდვისათვის - ამას თუნდაც მინიმალური გაანგარიშებით დაჭირდება მინიმუმ 35 – 40 დღიანი დროის ინტერვალი, რათა საქმე მივიდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე, ისიც იმ შემთხვევაში თუკი განმეორებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი შედგება და ყველა სატენდერო პროცედურა წარიმართება პოზიტიურად / დადებითად ყოველგვარი დოკუმენტალური / პროცედურული შეფერხებების / დაბრკოლებების გარეშე, ამრიგად, ვინაიდან ჩვენ მიერ ზემოთ თქმული - სატენდერო პროცედურებისთვის საჭირო ვადების გარდა, შესაბამისი მნიშვნელოვანი ხასიათის ღონისძიება აღყვანილია მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის ძალზედ ნიშანდობლივ / უმნიშვნელოვანეს კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის საერო / სახალხო / საზეიმო დღესასწაულის მასშტაბის ხარისხში, რამეთუ ამ მხრივ ქალაქის მასშტაბით დაგეგმილ მთელი რიგ ღონისძიებათა კასკადი სწორედაც უნდა გაიმართოს საკრებულოს განკარგულებისამებრ ამ თვეში, რათა პირველსაწყისი მისტიკით, მათ შორის - საღონისძიებო კულტუროლოგიის პირველადი ეფექტი დაიწყოს იქიდან, სადაც ჭეშმარიტი სინამდვილით ვაზის აკვანი დაირწა” - წერია მოსენებით ბარათში.

მარნეულობა “2025”-ის გამართვა მუნიციპალიტეტში 15 ნოემბერსაა დაგეგმილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები