ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების
ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 42 დოლარით გაიზარდა
- ამაზე მოწმობს „გალთ ენდ თაგარტის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების
შესახებ ანგარიში. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სექტემბერში
დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ღირებულება საშუალოდ 1 345
დოლარი ღირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 303 დოლარი.
რაც შეეხება ფასებს
უბნების მიხედვით, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე
ძვირი თეთრი კარკასი ვაკეშია - ერთი კვადრატული მეტრი 2 479 დოლარი
ღირს, ყველაზე იაფი კი ვაშლიჯვარში - 1 024 დოლარი.
გთავაზობთ, თეთრი კარკასის ფასებს ერთ კვადრატულ მეტრზე თბილისის
უბნების მიხედვით (2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით):
- ვაკე - 2 479 დოლარი
- საბურთალო - 1 558 დოლარი
- კრწანისი - 1 499 დოლარი
- დიდუბე - 1 324 დოლარი
- ისანი - 1 287 დოლარი
- ნაძალადევი - 1 187 დოლარი
- სამგორი - 1 075 დოლარი
- გლდანი - 1 046 დოლარი
- დიდი დიღომი - 1 033 დოლარი
- ვაშლიჯვარი - 1 024 დოლარი
ამასთან, „გალთ ენდ თაგარტის“ მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებმა პიკს
მიაღწია. პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა
რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ. მეორად
ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ
დონეს მიაღწია. ანგარიშის მიხედვითვე, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს
სრულდება, ბინების 87% გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი
დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.