ჩალაუბანი-ბაკურციხის 9.1 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობასთან
დაკავშირებული სატენდერო პროცედურების დაწყება 2026 წელს იგეგმება,
- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში
განუცხადეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ასევე იგეგმება
მოსახლეობის საკუთრებაში არსებული 159 მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა.
გამოსასყიდი მიწების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.
„დაგეგმილია თბილისი - საგარეჯო და საგარეჯო - ბაკურციხის
საავტომობილო გზის მონაკვეთის (ჩალაუბნის აღმოსავლეთ
ნაწილიდან
ბაკურციხის აღმოსავლეთ ნაწილამდე (ლოტი 5)) გაუმჯობესების პროექტით
გათვალისწინებული განსახლების პროცედურების განხორციელება, რომლის
ფარგლებში გამოსყიდვას ექვემდებარება დაახლოებით 159 მიწის ნაკვეთი,
სავარაუდო ღირებულებით 10 მილიონი ლარი“, - განუცხადეს
„ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ინფორმაციისთვის, კახეთის მაგისტრალური გზა რამდენიმე ლოტად არის
დაყოფილი, აქედან შემდეგ მონაკვეთებზე სამუშაოები დასრულებულია:
- ლოტი 0 - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის
(აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0+310 -
კმ4+040 მონაკვეთი - ვაზიანის შემოვლითი საავტომობილო გზის (სიგრძე -
3.6 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 70 221 612.57 ლარი და ის
დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით;
- ლოტი 1 - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის
(აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ4+040 -
კმ27+840 მონაკვეთი - ვაზიანის შემოვლითი-საგარეჯოს მონაკვეთის
(სიგრძე - 23.8 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.
აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 313 378 683.82
ლარი და დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით;
- ლოტი 2 - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის
(აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ27+840 -
კმ35+500 მონაკვეთი - საგარეჯოს შემოვლითი საავტომობილო გზის (სიგრძე
- 7.6 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 149 902 365.13 ლარი და
დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით.
- საერთაშორისო მნიშვნელობის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის
(აღნიშნული გზის 16.6 კმ სიგრძეს ემატება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ბაკურციხე - გურჯაანი (ასაქცევი) - ჩუმლაყის ს/გზის
საწყისი 1.5 კმ-იანი მონაკვეთი და ჯამში შეადგენს 18 კმ-ს) მშენებლობა
დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო
ღირებულება არის 87 857 420.53 ლარი და ის დაფინანსებულია აზიის
განვითარების ბანკის მიერ (ADB).