სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის
ფორმით პრივატიზების ან გაცვლის
წინაპირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს - პარლამენტმა დღეს,
III მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში,
რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა.
სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის
ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად მიმდინარე წლის ივნისში
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ
არსებული პრაქტიკა მათ შორის
კორუფციის რისკებს შეიცავდა. 8
სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი ირაკლი კობახიძემ, რომ
მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების შემდეგ, მისმა კაბინეტმა
პრაქტიკულად სრულად უარი თქვა პირდაპირი ფორმით ქონების
პრივატიზაციაზე და ამ საკითხის მოწესრიგება კანონის დონეზე
უნდოდა.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ განაცხადა,
რომ ცვლილებით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ
განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი, რომლის შესახებაც
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი მომზადდება. მისი თქმით,
დღემდე ასეთი წინაპირობები არ არსებობდა და ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში, მთავრობა გადაწყვეტილებას ინდივიდუალური განხილვის
შემდეგ იღებდა.
კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მთავრობას დაევალება,
შეიმუშაოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელშიც ზედმიწევნით
გაიწერება, რა შემთხვევებში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების
გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
„პირდაპირი მიყიდვა საგამონაკლისო ნორმაა და აქამდე
საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული არ იყო.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ შეიმუშავა ცვლილებები
შესაბამის კანონში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.
მთავრობის ნორმატიული აქტით, დეტალურად გაიწერება კონკრეტული
შემთხვევები, როგორ განხორციელდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზება, ან ქონების გაცვლა,“ - აღნიშნა მინისტრის
პირველმა მოადგილემ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის
მიღებიდან 60 დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც
განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.