საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი
მიქანაძე,
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის ჰუაი ძინფენგის
მოწვევით, მონაწილეობს ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც
პეკინში, 14-16 ნოემბერს იმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას
სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის
მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, რაც დადებითად აისახება
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
სფეროებზე.
"საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ნაყოფიერი
თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ არაერთ ერთობლივ
პროექტს განვახორციელებთ განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების
მიმართულებით. კონფერენცია მოსაზრებებისა და იდეების გაზიარების კარგ
შესაძლებლობას ქმნის, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე,
მონაწილე ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების
გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გივი მიქანაძემ
საუბრისას.
ცნობისთვის, ბოლო წლებია "ოცნების" მთავრობა ჩინეთთან თანამშრომლობას
სხვადასხვა მიმართულებით აღრმავებს. მათ შორის განათლების სფეროში, რა
მიმართულებითაც ჩინეთისა და საქართველოს განათლების სამინისტროებს
შორის უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი
აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლებში ჩინური
ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის დაიწყო
მუშაობა დაწყებითი და საბაზო საფეხურის ჩინური ენის პროგრამაზე
ამჟამად ჩინური ენა საქართველოს 24 (13 საჯარო და 11 კერძო) სკოლაში
ისწავლება.