იმპორტულ სიგარეტზე აქციზი იზრდება, ადგილობრივზე მცირდება - ვინ აწარმოებს საქართველოში სიგარეტს
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზური მარკა ამჟამად არსებული 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება - ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტი. ამავე ინიციატივით, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის სიგარეტის აქციზი კოლოფზე 1.9 ლარიდან 1.3 ლარამდე მცირდება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების მიზანს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს.

უფრო კონკრეტულად, ადგილობრივ წარმოებაზე იქნება სპეციალური კვოტა და პირველ 35

მილიონ კოლოფზე აქციზი შემცირებული ტარიფი იმოქმედებს, 35 მილიონ კოლოფს ზემოთ კი სტანდარტული 2.75 ლარის აქციზი.

არსებული მდგომარეობით, საქართველოში ძირითადად იმპორტირებულ სიგარეტებს მოიხმარენ. 2024 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სულ 355 მილიონი აქციზური მარკა გასცა, აქედან 330 იმპორტირებული სიგარეტის მარკა იყო, 25 მილიონი კი ადგილობრივი წარმოების სიგარეტის აქციზური მარკა. რაც შეეხება შემოსავალს, ადგილობრივი თამბაქოს სიგარეტის აქციზიდან ბიუჯეტმა 63 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, იმპორტირებული სიგარეტიდან კი 1.15 მილიარდი ლარის. შესაბამისად, მთლიანად ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან 1.2 მილიარდი ლარი შევიდა.

არსებული მდგომარეობით, საქართველოში ადგილობრივი სიგარეტის ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მწარმოებელია. ესაა კომპანია "თბილისის თამბაქო", რომელიც ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის "სმარტ კაპიტალის" ჰოლდინგის შემადგენლობაში ოპერირებს. "თბილისის თამბაქოს" მთავარი ბრენდებია სიგარეტი "პირველი", "Fargo", "ამერიქან გოლდი" და "Indian Strong".

ამასთან, ფინანსური ანგარიშის თანახმად, "თბილისის თამბაქოს" მიერ წარმოებული სიგარეტის რეალიზაციას და ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუციას ასევე "სმარტ კაპიტალის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "გეოდისტრიბუცია" ახდენს. შესაბამისად, "თბილისის თამბაქო" პროდუქციას ექსკლუზიურად "გეოდისტრიბუციაზე" ყიდის, რომელიც შემდგომში მის დისტრიბუციით და რეალიზაციით არის დაკავებული.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2024 წელს "თბილისის თამბაქოს" შემოსავალი 45 მილიონ ლარს, მოგება კი 14.8 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანია "გეოდისტრიბუციის" შემოსავალი კი 128.2 მილიონი ლარი, მოგება კი 4 მილიონი ლარი იყო.

გარდა კანონპროექტის სახით წარდგენილი ახალი საგადასახადო შეღავათებისა, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა თამბაქოს ადგილობრივი წარმოების მიერ უცხოეთიდან ნედლეულის იმპორტის საგადასახადო შეღავათის 2028 წლამდე გახანგრძილევას.
წყარო: BusinessMedia

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები