მზია ამაღლობელი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

დღეს, 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა გამოცემა "ბათუმელებისა" და ონლაინპლატფორმა "ნეტგაზეთის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად

გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

პროკურატურა კი თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დაცვის მხარის პოზიციები წარმოადგინა.

ტრიბუნასთან მისულმა მაია მწარიაშვილმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო „არ მინდოდა ვრცელი ყოფილიყო ჩვენი დასკვნითი სიტყვა, მაგრამ იძულებული ვარ... მინდა წერილობითაც გადმოგცეთ ჩემი სიტყვა“.

„წარმოვადგენ მზია ამაღლობელს, რომელსაც არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება. არ არის კორუმპირებული. მას არ აქვს მილიონიანი ქონება. მას აქვს ერთი ბინა, რომლის ღირებულებაც, რომელიც, ალბათ, 100 000 ლარამდეა. მას არასდროს ჰქონია ხელოვნების ნიმუშები. მას გზაც კი არ გადაუკეტავს, არასდროს დაუჯარიმებიათ... მის სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან იცოდნენ, რომ 1 თეთრს ვერ იპოვიდნენ. აქვს მხოლოდ ერთი სამუშაო ოთახი „ბათუმელების“ ოფისში და არის ორი მედიაგამოცემის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი“, - თქვა მაია მწარიაშვილმა.

მისი განმარტებით, ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რომელშიც წერია, რომ "მზიას პატიმრობა საჭიროა საზოგადოებაში წესრიგისთვის...“ და კიდევ გაიმეორა, რომ წარმოადგენს მზია ამაღლობელს, რომელმაც მიიღო სახაროვის პრემია. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

"პირველ ინსტანციაში წარმოვადგენდი მზია ამაღლობელს. სანიმუშო ადამიანს, მედიამენეჯერს. მისი დახასიათებას რამდენიმე გვერდიდან ვკითხულობდი. წარმოვადგენდი ადამიანს, რომელსაც გადაეცა ჯილდოები. ის წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელსაც ჯილდო აქვს მიღებული როინ შავაძის საქმის გაშუქების დროს. ეს მასალა დაერთო სტრასბურგის სასამართლოში საქმეს...არ ვიცი, ბედია თუ არა - დღეს იხილება როინ შავაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში.

მე წარმოვადგენ ადამიანს, რომელიც იცავდა ფოტოგრაფებს. იმ საშიშ დროს, როგორც ახლა იმ პერიოდს მოიხსენიებენ... წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის რუსული გამოცემაც აკრძალეს რუსეთში“, - ამბობს მაია მწარიაშვილი და აგრძელებს მზია ამაღლობელისა და მის მიერ დაფუძნებული მედიაორგანიზაციების მიღწევებზე საუბარს.

მაია მწარიაშვილმა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის განაჩენის შინაარსზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძისთვის გაწნული სილა იყო მათთვის გაწნული სილა - „რომ შეურაცხყოფილია სრულიად პოლიცია და ხელისუფლება, თუ გავითვალისწინებთ მზიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს“.

„სინამდვილეში ჩვენ ვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახულ ღირსების საქმეს და ამას არაფერი საერთო არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან...

სინამდვილეში ამ შეურაცხყოფის უკან გვაქვს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გათეთრებასთან საქმე - „აბა, საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ? სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი [მხედველობა] უკვე შეეწირა“.

ადვოკატისგან არის ცნობილი, რომ მზია ამაღლობელმა, რომელსაც კერატოკუნუსის დიაგნოზი აქვს. პატიმრობაში ყოფნისას, ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. მეორე თვალში კი მხედველობის მხოლოდ 10%-იღა დარჩა.

მწარიაშვილის თქმით, პოლიციელების ქმედების შესანიღბად „დაზარალებული დანიშნეს დამნაშავედ“ და "ამისთვის საჭირო იყო პოლიციელის მსხვერპლად ქცევა".

„მზიამ სტიკერი მიაკრა და დააკავეს. სწორედ აქედან დაიწყო უკანონოები, რის გადაფარვასაც ემსახურება სისხლის სამართლის ეს საქმე. ბრალდებამ არათუ არ დაურთო ეს ვიდეომტკიცებულება, არამედ ჩვენი მიტანილი მტკიცებულება ამოარიცხვინა სასამართლოს... პლაკატის გაკვრისთვის მზიას დაკავება არ შეიძლებოდა, მაგრამ დააკავეს უმაღლესი საპოლიციო ჩინის ადამიანმა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ვინაიდან სტიკერის გამო დაკავება არ შეეძლოთ, სისტემამ დაიწყო მიზეზზე ფიქრი... სისხლის სამართლის საქმეში ძალიან ზედაპირზე დევს, რომ ადმინისტრაციული დაკავება იყო შეთითხნილი... ოქმში წერია, რომ ის სტიკერს აკრავდა და ილანძღებოდა... შემდეგ ჩათვალეს, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო და ჩაწერეს, რომ ის დაკავებამდე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას. რისთვის გაუწევდა? - არავის აკავებდნენ მისი მისვლის შემდეგ...“- თქვა ადვოკატმა.

ადვოკატის სიტყვებით, საქმიდან გამქრალია ვიდეომტკიცებულებები. მათ შორის მზია ამაღლობელის პოლიციის დეპარტამენტში შეყვანის, საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პერიმეტრის ჩანაწერები.

„გამოდის, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ისე შეიძლება მოკლან და გადააგდონ, რომ ვერავინ გაიგოს... ჩვენ ვითხოვდით, ეჩვენებინათ მზიას შეყვანის კადრები“.

მაია მწარიაშვილმა გაიხსენა მზია ამაღლობელის დაკავების მომენტიც, როცა გადაღებულ კადრებში ისმის დაზარალებულის სტატუსის მქონე ირაკლი დგებუაძის გინების ხმა და ჟურნალისტის სისხლის სამართლის წესით დაკავების მუქარის შესახებ.

მისი თქმით, ჟურნალისტს დაკავების შემდეგ ერთი მხრიდან აგინებდნენ, მეორე მხრიდან კი მის მიმართ ფიზიკურად იწევდნენ.

„[პოლიციის] ეზოში, ამდენი ხალხის თვალწინ რომ არ ერიდება ლანძვა-გინებას და მუქარას, იმ კაცს რა შეუშლიდა ხელს საკუთარ კაბინეტში გაეკეთებინა ეს? არაფერი. მაგრამ, ამის აღიარებას სჭირდება სინდის-ნამუსი“, - თქვა მაია მწარიაშვილმა პოლიციელ ირაკლი დგებუაძეზე, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მან ისაუბრა, მზია ამაღლობელის ტელეფონზე ჩატარებულ ექსპერტიზაზეც და განცხადებებზეც, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ.

მისი თქმით, საქმეში მზია ამაღლობელის მიერ დავალებების მიღების შესახებ პატაკი სახელისუფლებო ჭორების გასამყარებლად ჩაიდო. ჟურნალისტის ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მიღებულ ინფორმაციას არ აქვს კავშირი ამ საქმესთან.

„იმისთვის, რომ სახელისუფლებო ჭორების და „დიპ სტეიტის“ თემის კულტივაციისათვის ის პატაკი ჩაედოთ საქმეში, რომლის ავტორის დაკითხვა ვეღარ გაბედა ბრალდებამ.

იცით რატომ?! სწორედ იმიტომ, რომ მაშინ, მედია ჯერ კიდევ დაიშვებოდა სასამართლო სხდომებზე. სასამართლომ ამ საქმიდან ყველაფერი ამორიცხა, ამ პატაკის გარდა.

ხომ არ გაფიქრებინებთ ეს იმას, რომ ბრალდებამ დიახაც იცოდა, რომ ეს მანიპულაცია იყო, რაც თავდასხმის ვერსიას სახელისუფლებო პოლიტიკოსების ნარატივებზე აჯენდა. ხარკი გაიღეს ამისათვის“, - თქვა მაია მწარიაშვილმა.

მაია მწარიაშვილმა ისაუბრა საქმესთან დაკავშირებით პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებებზეც, მისი თქმით, მოწმე პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავა გიორგი ბჟალავამ, არ არიან სანდო მოწმეები და მათი ჩვენებები სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს.

მისი სიტყვებით, საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებში ჩანს, რომ ამაღლობელის დაკავების დროს ბჟალავა მის გვერდით არ არის.

“თუ არ ამბობენ სიმართლეს იქ, არ არის მათი ჩვენება სანდო”, - შეაჯამა მაია მწარიაშვილმა და განაგრძო თითოეული მოწმის არასანდოობის დასაბუთება.

მზია ამაღლობელის უდანაშაულობის დასამტკიცებლად მაია მწარიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაც წაიკითხა, რომელიც შეეხება ერთ-ერთ სუპერმარკეტში კლიენტის მიერ პოლიციელის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს - სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულს არ ჰქონდა აღქმა, რომ პოლიციელი ასრულებდა კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს.

“აი ამას გეუბნებით, ბატონო თორნიკე და გეთანხმებით, როცა ეს მაგალითი მოგყავთ”, უთხრა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს.

პროკურორმა ღიმილით უპასუხა.

პროკურორები მოითხოვდნენ მზია ამაღლობელს ბრალი დამძიმებოდა და სულ მცირე 4 წლით პატიმრობა მისჯოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს განაჩენით ბრალი გადაუკვალიფიცირა. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

მაია მწარიაშვილმა მისი სიტყვა ასე შეაჯამა:

"პროკურატურა მოითხოვს სილის გაწვნა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმად შეაფასოს და ჟურნალისტს ბრალი დაუმძიმოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.

ეს განაჩენი შეიძლება დაწერილიყო ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში… იმდენად ზოგადი მსჯელობაა, რომ მზია ამაღლობელმა ბრალდება არ აღიარა და ეს ჩაუთვალა ართანამშრომლობად, როცა ეს ბრალი არ დაადასტურა არც სასამართლომ… დასაბუთება აჩვენებს, რომ ეს არის სისტემური ანგარიშსწორების საქმე… ბატონო მოსამართლეებო, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა. მზია სინდისის პატიმარია და ვერ იქნება დამნაშავე… ახლახან შემხვდა ამერიკელი მოსამართლის განაჩენი, რომელშიც წერია, რომ ხანდახან უსამართლობა ნიშნავს, როცა სისტემა წყვეტს სამართლიანობას… მზია არ არის დამნაშავე და ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან გადაწყვეტილებას”.

ადვოკატის სიტყვებს, სასამართლოს დარბაზში ტაში მოჰყვა.

სიტყვით ისარგებლა მზია ამაღლობელმაც:

“დამატება ჩემგან სამართლებრივ ნაწილში არ არის. სათქმელი არაფერია გარდა იმისა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ ღირსეული დაცვისთვის…

ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს. ვფიქრობ, რომ ჩემს გარდა ეს ბევრი ადამიანისთვის იქნებ ბრძოლის მაგალითი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის…

არ ვიცი როდის გამოიტანთ განაჩენს და რამდენად სამართლიანი იქნება - რამდენად ჩამტოვებთ სილის გაწვნისთვის სისხლის სამართალში…

არ ვსაუბრობ სასჯელზე, რადგან იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს…

ჩავთვალოთ, რომ სასამართლომ გამიშვას სახლში, მაგრამ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, შეიძლება მომაბრუნონ გზიდან…

იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, რომ პირბადის გამო შეიძლება დაგაკავონ…

არ დავსვათ კითხვა რატომ. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს.

არ უნდა დავკარგოთ რწმენა - რეჟიმი არაერთხელ დაგვაპატიმრებს იმიტომ, რომ შეურაცხყოფილები ვიყოთ.

პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა.

მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე.

მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის.

ბრძოლა ბოლომდე!”

დღევანდელი სხდომა 13:00 საათზე დაიწყო, პირველი ოთხი საათის განმავლობაში სხდომა შეუსვენებლად მიდიოდა.

სხდომაზე მზია ამაღლობელი ისევ ფეხზე იდგა. სხდომათა დარბაზში ცხელოდა. ქუთაისში 21 გრადუსი იყო. სხდომათა დარბაზის გასაგრილებლად ღია იყო ფანჯრები.

„თავისუფლება მზიას!“ “თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ - არაერთხელ გადაფარა ეზოდან შემოსულმა ხმამ ადვოკატის დასკვნითი სიტყვა.

ხალხი ითხოვს სამართალს“, „სიმართლისთვის ბოლომდე“, „დამხობა რეჟიმს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - შემოდიოდა სხდომათა დარბაზში შეძახილები ეზოდან, სადაც მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.

მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომას ესწრებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები