შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად
შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე
დააკავეს: 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული
ე.ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის
ავტომაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს.
პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“
შემცველი კაფსულები.
დანაშაული სასჯელის სახით 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული
ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა)
მიმდინარეობს.