თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანი "სიკეთით სავსე ქალაქი"
იქნება. ამის შესახებ ივანიშვილის თბილისის მერმა
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების
გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც
მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის
კეთების დროს - ეს არის სიკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს
ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების,
განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ; უნდა
შევძლოთ და კეთილი ზრახვით, არა ბოღმითა და შურით ვაშენოთ ჩვენი
ქალაქის, ქვეყნის მომავალი; სიკეთე უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი ჩვენი
შვილების აღზრდის საქმეში, რათა მათ შეძლონ, ღირსეულად ემსახურონ
საკუთარ სამშობლოს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საახალწლო სლოგანი
იქნება - "სიკეთით სავსე ქალაქი".
ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილიც იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და
პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის
სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება
იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით,
ერთმანეთისგან გარიყვით. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული
შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს
ცივილური და არ უნდა ძაბავდეს საზოგადოებას. ყველას გისურვებთ
სიკეთეს, სულიერ სიმშვიდეს და ძლიერ, ღირსეულ, თავისუფალ ქვეყანაში
ცხოვრებას! სიკეთე, სიყვარული და დოვლათი იყოს ჩვენი ოჯახების
თანმდევი". - თქვა კალაძემ პრესსამსახურის ცნობით.