2024 წელს საქართველოში სტიქიური შემთხვევების რაოდენობამ ჯამში 68
შეადგინა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გარემოს სტატისტიკის
პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს.
აქედან, საანგარიშო პერიოდში წყალდიდობა- წყალმოვარდნა, დატბორვის 26
შემთხვევა დაფიქსირდა, ქარიშხლის - 16, სეტყვის -11, დიდთოვლობის - 9,
შტორმის - 2, ხოლო ზვავის 4 შემთხვევა.
შედეგად, გასულ წელს სტიქიური შემთხვევებით, ჯამში 4 ადამიანი
დაიღუპა. 2 ადამიანის გარდაცვალების
მიზეზი წყალდიდობა-წყალმოვარდნა,
დატბორვა გახდა, 2 კი ზვავმა იმსხვერპლა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ათწლეულების მიხედვით, 2010 წლიდან
გეოლოგიური კატასტროფების რაოდენობა თითქმის 80%-ით არის გაზრდილი.
მაგალითად, 2000-2009 წლებში ქვეყანაში 3957 შემთხვევა მოხდა, უკვე
2010-2019 წელს 7092 შემთხვევა, ხოლო 2020-2024 წლებში - 6905
შემთხვევა.
რაც შეეხება ზეგავლენას ინფრასტრუქტურასა და დასახლებულ პუნქტებზე,
გარემოს სტატისტიკის პორტალის მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით,
საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია 4 266 შენობა-ნაგებობა (2004
წლის შემდეგ ასეთი დიდი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, 2004 წელს 6042
შენობა-ნაგებობა იყო) და 1567 დასახლებული პუნქტი. ხოლო გარდაცვლილია
10 ადამიანი.
წლების მიხედვით, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2023 წელს საშიშროების
რისკის ზონაში მოქცეული იყო 3972 შენობა-ნაგებობა, 2022 წელს - 1514,
2021 წელს - 1268, 2020 წელს - 1040 და ა.შ.
რაც შეეხება დასახლებულ პუნქტებს, 2023 წელს რისკის ზონაში იყო 1545
დასახლება, 2022 წელს - 1523, 2021 წელს - 1477, 2020 წელს - 1145 და
ა.შ.