UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“
კაცობრიობის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთის რესპუბლიკა)
გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს
მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.
„UNESCO-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული
ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის
მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე
დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა;
სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და
მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური
კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული
იქნება.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის
კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის
27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის
კატეგორია.
საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს
წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა,“
- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.