ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სოცდაუცველთა დასაქმების
პროგრამა,
რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ
გაგრძელდება. მთავრობის შექმნილ სამუშაო ადგილებზე ყოველთვიურად 300
ლარის მიღების გარდა, პროგრამის მონაწილეებს ოთხი წელი უცვლელად
უნარჩუნდებოდათ სოცდაუცველის სტატუსი, შესაბამისად ფინანსური
დახმარება, რომელსაც მწყობრად იღებდნენ. ახლა ეს საკითხი ჯერჯერობით
ღიად არის დარჩენილი.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის წარდგენისას
"ოცნების" მთავრობაში
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ
თქვა, რომ მიზანია ეს ადამიანები კერძო სექტორში დასაქმდნენ და
სახელმწიფო აღარ იყოს მათი დამსაქმებელი. მისივე განმარტებით, ამ
პროგრამით დასაქმებულების გადამზადებაში სახელმწიფო რესურსს კვლავ
დახარჯავს.
"მომდევნო წლის ბიუჯეტში სიახლეა, რომ შემცირებულია
საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის დაფინანსება,
ვინაიდან ამაზე გვქონდა კონსულტაციები, როგორც სამინისტროსთან,
პროგრამის ეფექტურობასთან, ასევე ჩვენ და ეკონომიკის სამინისტროს და
საბოლოო ჯამში იმ სირთულესთან, რაც არის შრომის ბაზარზე უკვე კადრების
დეფიციტი. ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს პროგრამა არსებული
სტრუქტურით გაუქმდეს და უკვე შესაბამისი დახმარების, სხვადასხვა
გადამზადების პროგრამების მეშვეობით გახდეს შესაძლებელი, რომ ეს
ადამიანები უკვე კერძო სექტორში იყვნენ დასაქმებული და სახელმწიფო
აღარ იყოს მათი დროებითი დამსაქმებელი, ასე ვთქვათ", -
განაცხადა კაკაურიძემ კომიტეტზე.
ბოლო2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკით, სოციალურ შემწეობას იღებდა 461
796 ადამიანი, ხოლო ე.წ. 300-ლარიანი დასაქმებით 2022 წლიდან 2024
წლის ჩათვლით 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი დაასაქმეს.
პროგრამის ბიუჯეტი 2022 წლის 48 მილიონიდან მომდევნო წელს თითქმის
გაორმაგდა, 2025 წელს კი 113 მილიონამდე გაიზარდა.
2026 წლის ბიუჯეტის ამ დროისთვის ბოლო სამუშაო ვერსიაში,
პროგრამისთვის თანხა 21 მილიონამდეა შემცირებული.