აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის
მთავრობა გეგმავს, მომდევნო წელს ბიუჯეტის 21% დახარჯოს თავდაცვასა და
უსაფრთხოებაზე.
„მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების 21 პროცენტი თავდაცვასა
და ეროვნულ უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული“, - განაცხადა მან 9
დეკემბერს მილი მეჯლისში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის
განხილვისას.
ეს თანხა მიაღწევს 8.7 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათს - 5.1 მილიარდ აშშ
დოლარს.
„აზერბაიჯანის სამხედრო ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს
აზერბაიჯანი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს არაერთ
ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შვედეთის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI)
მონაცემებით, 2024 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის
მთლიანი შიდა პროდუქტის 4.99%-ს შეადგენდა; 2025 წელს, აზერბაიჯანული
პროსამთავრობო მედიის ცნობით, 5.2%-ს.
აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტითვე,
მშპ-მა უნდა შეადგინოს 134.1 მილიარდი მანათი, ანუ 78.9 მილიარდი აშშ
დოლარი.
შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტი იქნება მშპ-ის 6.5%-მდე.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი ბიუჯეტის 8.4% - 3.5 მილიარდი
მანათი - მიმართულია „გათავისუფლებული ტერიტორიების აღსადგენად“.
- აზერბაიჯანი ბოლო ათი წელია, სამხედრო დანახარჯების წილს
სტაბილურად ზრდის. მათ შორის, სამხედრო დანახარჯები გაიზარდა 2020
წლის ყარაბაღის მეორე ომისა და შემდგომში განვითარებული მოვლენების
ფონზე.
- აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან ახლოს არიან,
მათ შორის დონალდ ტრამპის მედიაციით; თუმცა სომხეთის ოპოზიცია
შეშფოთებულია ალიევის სხვადასხვა მოთხოვნის გამო და მიიჩნევენ, რომ
ალიევის მიზანია „სომხეთის, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს
არსებობის დასრულება“.
- 2025 წლის ზაფხულში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები
დაიძაბა აზერბაიჯანული კომპანიის რუსეთის ტერიტორიაზე სამგზავრო
თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რაზეც ალიევმა პასუხისმგებლობა რუსეთს
დააკისრა.
- ამ პერიოდში რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტები და პოლიტიკოსები
მუქარით საუბრობდნენ აზერბაიჯანის შესახებ.
- 2025 წლის შემოდგომაზე - მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევმა ვლადიმირ
პუტინისგან მიიღო ბოდიში, რასაც თვეების განმავლობაში ითხოვდა, -
დაძაბულობა განიმუხტა.