რა ხდება მსოფლიოში- მოკლედ
მსოფლიო ამბების მოკლე მიმოხილვა, ის რაც უნდა იცოდეთ

ზელენსკი რუსულ ტერორზე: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დღეების იერიშებს „მიზანმიმართულ და ცინიკურ რუსულ ტერორს“ უწოდებს. მისი თქმით, მხოლოდ გასულ კვირას რუსეთმა 1100-მდე დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, რამაც ენერგეტიკული სისტემა მძიმედ დააზიანა. კიევსა და მის შემოგარენში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შუქის და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ტრამპის ბრძანება ვენესუელაზე: აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

ბრძანებას, რომელიც ვენესუელის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს იურიდიული დავებისგან იცავს. თეთრი სახლის განმარტებით, თანხა აშშ-ის ხაზინაში შეინახება, რათა ის კრედიტორებმა არ გაიტანონ და შემდგომში ვენესუელელ ხალხს მოხმარდეს. პარალელურად, ვაშინგტონი კარაკასისთვის სანქციების ნაწილის გაუქმებასაც განიხილავს.

დარტყმა ლუკოილზე: უკრაინის გენშტაბის ცნობით, კასპიის ზღვაში კომპანია „ლუკოილის“ სამი ჭაბურღილი დაიბომბა. სამხედროების ინფორმაციით, ეს ობიექტები რუსეთის არმიის მომარაგებაში იყვნენ ჩართული. ზიანის ზუსტი მასშტაბი ზუსტდება, თუმცა ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ჯერ არ დადასტურებულა.

ირანის პროტესტი და მსხვერპლი: ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე მე-15 დღეა გრძელდება. უფლებადამცველების მონაცემებით, შეტაკებებს სულ მცირე 192 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 არასრულწლოვანია. ქვეყანაში სრულად გათიშულია ინტერნეტი, თვითმხილველები კი ქუჩებში არსებულ ვითარებას „საომარ მდგომარეობას“ ადარებენ.

აშშ-ის შესაძლო პასუხი ირანს: მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს, მათ შორის სამხედრო დარტყმებსა და კიბერშეტევებს განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა პრეზიდენტს სამოქმედო გეგმას სავარაუდოდ 13 იანვარს წარუდგენენ. ტრამპი პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებს.

ტრამპი და მასკი ირანის ინტერნეტზე: დონალდ ტრამპი ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე ილონ მასკთან საუბარს გეგმავს. განიხილება ირანის მოსახლეობისთვის „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტის მიწოდება. შეგახსენებთ, რომ ირანის ხელისუფლებამ მასშტაბური პროტესტის ჩასახშობად ქვეყანაში ციფრული კავშირი სრულად გათიშა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები