მსოფლიო ამბები- მოკლედ
მსოფლიო ამბების მოკლე მიმოხილვა

დაძაბულობა ირანის გარშემო და ელჩების ევაკუაცია: დიდმა ბრიტანეთმა ირანიდან ელჩი და საელჩოს სრული შემადგენლობა გაიყვანა. გადაწყვეტილება თეირანში დიპლომატიური მისიის დროებით დახურვის შესახებ უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე სამხედრო დარტყმებს განიხილავს. ვაშინგტონმა უკვე დაიწყო პერსონალის გაყვანა კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზიდანაც.

აშშ-ის შესაძლო თავდასხმა ირანზე: სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით,

დასავლელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ „ყველა სიგნალი მიუთითებს აშშ-ის გარდაუვალ თავდასხმაზე“. ევროპელი წყაროების ცნობით, ინტერვენცია შესაძლოა უახლოეს 24 საათში განხორციელდეს. ამის ფონზე, დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „დახმარება გზაშია“. თეირანი კი საპასუხო დარტყმებით იმუქრება.

სომხეთის ევროპული კურსი და ფაშინიანის განცხადება: ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთს „ცალსახად“ სურს ევროკავშირის წევრობა. მისი თქმით, ქვეყანა გააგრძელებს ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებას და იმ მომენტში, როცა ეს ევრაზიულ კავშირთან წინააღმდეგობაში მოვა, გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს.

აზერბაიჯანმა სომხეთს 4 დაკავებული გადასცა: აზერბაიჯანმა სომხეთს 4 მოქალაქე, მათ შორის ვაგიფ ხაჩატრიანი დაუბრუნა, რომლებსაც ბაქოში პატიმრობა ჰქონდათ მიღებული. ფაშინიანის თქმით, ეს მშვიდობის პრაქტიკული შედეგია. გათავისუფლებულები უკვე ერევანში იმყოფებიან. ბაქოს ციხეში კვლავ რჩებიან ყარაბაღის ყოფილი ლიდერები.

კორუფციული სკანდალი უკრაინის რადაში: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ პარლამენტის დეპუტატებისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ მისი ოფისი გაჩხრიკეს, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. საქმე ეხება ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც კანონპროექტებზე ხმის მიცემისთვის დეპუტატებს 2-დან 20 ათას დოლარამდე უხდიდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები