SOCAR-მა საქართველოს გავლით ავსტრიასა და გერმანიაში გაზის მიწოდება დაიწყო
SOCAR-მა ავსტრიასა და გერმანიაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია, რასაც Trend ავრცელებს.

კერძოდ, კომპანია აცხადებს, რომ SOCAR 2026 წლის იანვრიდან გზის სამხრეთის დერეფნის ევროპული სეგმენტის, ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით აზერბაიჯანულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად უკვე ავსტრიისა და გერმანიის მომხმარებლებსაც აწვდის.

იტალიის გავლით ავსტრიასა და გერმანიაში მიწოდება კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიულ

არეალს ევროპაში და მომხმარებელი ქვეყნების რაოდენობას 16-მდე ზრდის.

2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება სლოვაკეთისთვის, ხოლო 2025 წლის ივლისში აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა უკრაინამაც დაიწყო. კერძოდ, „ნაფტოგაზ-უკრაინამ“ SOCAR Energy Ukraine-ასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც არ საჯაროვდება.

ცნობისთვის: ევროპაში TAP-ის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP-ის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მლრდ კუბური მეტრია, თუმცა მისი 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს 2027 წლისთვის ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ. დღემდე TAP-მა ევროპას 54.3 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.

2025 წელს აზერბაიჯანმა 51.5 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა. აქედან 14.1 მლრდ კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოს, 27.9 მლრდ კუბური მეტრი შაჰ-დენიზის, 1.6 მლრდ კუბური მეტრი აბშერონის საბადოს, ხოლო 7.9 მლრდ კუბური მეტრი SOCAR-ის წილია. ამ პერიოდში გაზის ექსპორტმა სულ 25.2 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. აქედან 12.8 მლრდ კუბური მეტრი ევროპაში, 9.6 მლრდ კუბური მეტრი, მათ შორის, 5.6 მილიარდი TANAP-ის მეშვეობით თურქეთში, 2.3 მლრდ კუბური მეტრი საქართველოში, ხოლო 0.5 მლრდ კუბური მეტრი გაზი სირიაში იქნა მიწოდებული.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები