რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს – მათ შორის 10 არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის 10 არასრულწლოვანია. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები თავს ნეონაცისტებად მოიხსენიებდნენ და ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. გავლენის გაზრდისა და ცნობადობის მოპოვების მიზნით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ სხვადასხვა

ასაკის პირებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ღირსების შემლახველ ქმედებებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მობილური ტელეფონებით იღებდნენ და ფოტო-ვიდეო მასალას სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე ავრცელებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.

დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ასევე ხმოვანი და ცივი იარაღები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე იხსენებს, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით უკვე იხდიან სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. მათთან ერთად რამდენიმე თვის წინ დაკავებული იყო დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიების თანახმად, მიუხედავად ამისა, აღნიშნული იდეოლოგიის სხვა წევრები ძალადობრივ ქმედებებს კვლავ აგრძელებდნენ.

სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ვაჟა სირაძემ საზოგადოებას მოუწოდა, მსგავსი დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცველებს, რათა თავიდან იქნას აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და რადიკალური იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებში.

ამასთან, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ქალაქ თბილისის პოლიციის თანამშრომლებს წარმატებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 16 პირს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები