ვის ეკუთვნის TOP-10 იმპორტიორი კომპანია - 2025 წლის მონაცემები
2025 წელს საქართველოში პროდუქციის იმპორტი წლიურად 9.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებულია ჯამში 18.529 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, ხოლო 2024 წელს იმპორტი 16.888 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს იმპორტში მსუბუქი ავტომობილების წილი ჭარბობდა, მას კი მოსდევდა ნავთობპროდუქტები და სამკურნალო საშუალებები.

უფრო კონკრეტულად, 5 ძირითადი პროდუქცია, რაც 2025 წელს იმპორტზე შემოვიდა, ასე გამოიყურებოდა:
  • მსუბუქი ავტომობილები - 3.870 მილიარდი დოლარის 234 190 ერთეული;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.358 მილიარდი დოლარის 1 809 312 ტონა;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 680.3 მილიონი დოლარის 15 744 ტონა;
  • ხელით შესრულებული სურათები, ნახატები და პასტელები - 481.6 მილიონი დოლარის 57.7 ტონა;
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 443.8 მილიონი დოლარის 2 376 762 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსხვილი იმპორტიორების ათეული ასე გამოიყურება: „გეფა“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუსოლი“, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”, „ბლექ სი პეტროლიუმი“, „კავკასიის ავტოიმპორტი“, „პსპ ფარმა“, „ავერსი-ფარმა“, „ალტა“ და „ზუმერი ჯორჯია“.

ვის ეკუთვნის top-10 იმპორტიორი კომპანია
სს „გეფა“ 1995 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად „ჯიპისის“ სახელით ახორციელებდა საქმიანობას. რამდენიმე რეორგანიზაციის შემდეგ, საბოლოოდ, 2017 წელს „ჯიპისიმ“ გადაირქვა სახელი და დღეს მას ვიცნობთ როგორც სს „გეფა“. Reportal-ის ბოლო, 2024 წლის მონაცემების მიხედვით, სააქციო საზოგადოების წილების 97.8%-ს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, დარჩენილ 2.2%-ს კი მიხეილ აბრამიძე ფლობს;

ანგარიშგების პორტალზე ბოლო, 2024 წლის მონაცემების მიხედვით, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ 2000 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის აქციონერები არიან: შპს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“ (მალტა) 62.50%-იანი წილით, ლევან ფხაკაძე 6.25%-იანი წილით, ნუგზარ აბრამიშვილი 6.25%-იანი წილითა და შპს „ჰელვეცია პეტროლიუმ ჰოლდინგ ბ.ვ“ (მალტა) 25%-იანი წილით. სამეთვალყურეო საბჭო კი შედგება სამი წევრისგან: სამსონ ფხაკაძე (თავმჯდომარე), ლევან ფხაკაძე (წევრი) და ნუგზარ აბრამიშვილი (წევრი).

სს „ლუსოლი“ ბიზნეს რეესტრში 2025 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ნუგზარ დეკანოიძეა, წევრები კი ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი. კომპანიის დირექტორია გელა კობერიძე. Reportal-ზე სააქციო საზოგადოების ანგარიშგება ჯერ არ არის წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, უცნობია აქციონერების ვინაობა.

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” რეესტრში 2006 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ნოდარ ყანჩაველია, წილებს კი სრულად ფლობს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“. თავის მხრივ, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ წილების 91.835% აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის საკუთრებაშია, ხოლო 8.165%-ს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული კომპანია INTERSUN HOLDING FZE-ი ფლობს.

შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი დავით ფოცხვერიაა. წილების 70.66%-ს შპს „მკ კაპიტალი“ ფლობს, რომელიც მაკა ასათიანისა და შპს „თრეიდ სთოუნ იბერიას“ მფლობელობაშია. ამასთანავე, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილების 29.34%-ის მესაკუთრე შპს „დუნამია“. თავის მხრივ „დუნამის“ 100%-იანი წილის მფლობელი დავით ფოცხვერიაა.

„კავკასიის ავტოიმპორტი“ 2004 წელს არის რეგისტრირებული. დირექტორი ალექსანდრე ვეკუაა, გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელი, წილებს კი შემდეგი პირები ინაწილებენ: ლევან სურგულაძე - 27.9%, გიორგი სურგულაძე (ორმაგი მოქალაქე საქართველო/აშშ) - 34.875%, დავით გულაშვილი - 10% და გიორგი გულაშვილი - 27.225%.

შპს „პსპ ფარმა“ სამეწარმეო რეესტრში 2002 წელს დარეგისტრირდა. წილების 95%-ს კახაბერ ოქრიაშვილი (წილების მმართველი ვაჭა ოქრიაშვილი), ხოლო 5%-ს თენგიზ ჯამელაშვილი ფლობს. რეესტრში კომპანიის დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი ფიქსირდება;

შპს „ავერსი-ფარმა“ 1999 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ირაკლი ქსოვრელია. წილების 67%-ს პაატა კურტანიძე ფლობს, ხოლო 33%-ს - ნიკოლოზ კურტანიძე;

შპს „ალტა“ 1998 წელს დარეგისტრირდა. მის დირექტორად სამეწარმეო რეესტრში ნონა ბაინდურაშვილი ფიქსირდება. კომპანიის წილების უდიდეს ნაწილს, 47.8%-ს შპს „დაგეტა კაპიტალი“, 28.6%-ს - თეა კაკაბაძე, 7.39%-ს - ნანა კასრელიშვილი,4.8%-ს - ლევანი ნიკოლაიშვილი ფლობენ, დანარჩენ წილებს კი 12 პირი ინაწილებს.

შპს „ზუმერი ჯორჯია“ ბიზნეს რეესტრში 2009 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი დავითი კვარაცხელიაა. ვაჟა რეხვიაშვილი და დიმიტრი კიკაჩეიშვილი წილების 20-20%-ს ფლობენ, ამასთანავე, 24% - გიორგი მუშკუდიანის, 16% კი გოჩა სამხარაძის მფლობელობაშია, დარჩენილ წილებს 3 პირი ინაწილებს.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები