2025 წელს ქვეყანაში უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა — ქვემო ქართლში 98 შემთხვევა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 368 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

სტატისტიკის მიხედვით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 230 ფაქტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

127 სამართალდარღვევა, იმერეთში – 117, ქვემო ქართლში – 98, შიდა ქართლში – 57, კახეთში – 45, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 43, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 15 ფაქტი.

2025 წლის განმავლობაში დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 64 ფაქტი გამოავლინეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გასულ წელს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი დააფიქსირეს, მათ შორის 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო ოდენობამ 700 კილოგრამს გადააჭარბა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რაც მოიცავს თანამედროვე აღჭურვილობის შეძენას, ელექტრონული სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და თანამშრომელთა გადამზადებას მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ასამაღლებლად.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალებს, რაზეც სამართალდამცველები მყისიერად რეაგირებენ. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე აქტიურად გამოიყენება მაღალი გამავლობის ავტომობილები, ე.წ. ბაგები, სხვადასხვა ტიპის ნავები და კატარღები, დრონები, ფოტოხაფანგები და თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, უკანონო თევზჭერის ფაქტების აღკვეთა და გამოვლენა 24 საათის განმავლობაში და გაცილებით მეტ ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი.

უწყების განმარტებით, ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის გამოვლენილი ფაქტების ზრდა გაძლიერებული კონტროლის შედეგია. 2024 წელს დეპარტამენტმა უკანონო თევზჭერის 653 ფაქტი გამოავლინა, საიდანაც 275 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. 2025 წელს კი, თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, გაცილებით მეტ ლოკაციაზე, 152-ით მეტი სამართალდარღვევა აღკვეთეს და გამოავლინეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები