საქართველო რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების წამყვან
ხუთეულში მეორე ადგილზეა.
ქვეყანა საიმპორტო ოდენობით ერთ წელიწადში ერთი პოზიციით დაწინაურდა
და მეორე ადგილზე აზერბაიჯანი ჩაანაცვლა, ხოლო მოცულობის თვალსაწრისით
ანალოგიური მეორე ადგილი შეინარჩუნა.
ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვესაუწყებო
ფედერალური ცენტრის, „აგროექსპორტის“ მონაცემებში წერია, რასაც RBC
ავრცელებს.
კერძოდ, საქართველომ 2025 წელს რუსეთიდან 6.5 მლნ დოლარის არაყი
შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წელს საიმპორტო ოდენობა 5 მლნ დოლარს
შეადგენდა. ამ მაჩვენებლით საქართველო თავის მეზობლებს, აზერბაიჯანსა
და სომხეთს უსწრებს.
რუსული არყის შესყიდვების ლიდერად, გასული წლის მსგავსად, ყაზახეთი
დარჩა, რომელმაც იმპორტი
2024 წლის 22 მილიონიდან შარშან 25 მლნ
დოლარამდე გაიზარდა.
ფულადი თვალსაზრისით რუსული არყის იმპორტიორი ქვეყნების 2025 წლის ტოპ
5-ეული ასეთია:
- ყაზახეთი - 25 მლნ დოლარი (2024 წელს 22 მლნ დოლარი და 1
ადგილი)
- საქართველო - 6.5 მლნ დოლარი (2024 წელს 5 მლნ დოლარი და
3 ადგილი)
- აზერბაიჯანი - 6 მლნ დოლარი (2024 წელს 5 მლნ დოლარი და 2
ადგილი)
- სომხეთი - 5.5 მლნ დოლარი (2024 წელს 4 მლნ დოლარი და 4
ადგილი)
- ისრაელი - 4 მლნ დოლარი (2024 წელს ანალოგიური
მაჩვენებლით ხუთეულს ჩინეთი ხურავდა)
მთლიანობაში, 2025 წელს რუსეთიდან მსოფლიოში 70 მლნ დოლარის არაყი
იქნა ექსპორტირებული, რაშიც წამყვანი ხუთეულის წილი 67.1%-ს შეადგენს.
2024 წელს საერთო 56 მლნ დოლარიდან ეს წილი 71.4%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება მოცულობას, საქართველო ამ მაჩვენებლითაც მეორე ადგილზეა.
კერძოდ, 2025 წელს ქვეყანაში 4 ათასი ტონა რუსული არაყი იქნა
იმპორტირებული, რაც 2024 წლის ანალოგიური მაჩვენებელია. საქართველო
მაშინაც მეორე ადგილს იკავებდა.
მოცულობის თვალსაზრისით რუსული არყის იმპორტიორი ქვეყნების 2025 წლის
ტოპ 5-ეული ასეთია:
- ყაზახეთი - 18 ათასი ტონა
- საქართველო - 4 ათასი ტონა
- ყირგიზეთი - 2.6 ათასი ტონა
- აზერბაიჯანი - 2.5 ათასი ტონა
- ისრაელი - 2 ათასი ტონა
2024 წელს ამ რეიტინგის ლიდერი ისევ ყაზახეთი იყო, რომელსაც
შარშანდელთან შედარებით, უფრო მეტი, 20 ათასი ტონა რუსული არაყი
ჰქონდა იმპორტირებული. საქართველოს შემდეგ კი მესამე ადგილზე ჩინეთი
იყო, რომლის საიმპორტო მოცულობაც 3 ათას ტონას შეადგენდა. ჩინეთი 2025
წლის წამყვან ხუთეულში ვეღარ მოხვდა. მას ანალოგიური მაჩვენებლით
ყირგიზეთი მოსდევდა, ხოლო 2024 წლის ხუთეულს ანალოგიური 3 ათასი ტონის
საიმპორტო მოცულობით სომხეთი ხურავდა, რომელიც 2025 წლის რეიტინგში,
ასევე, ვერ მოხვდა და ის ისრაელმა ჩაანაცვლა.
მთლიანობაში, 2025 წელს რუსეთიდან მსოფლიოში 42 ათასი ტონა არაყი იქნა
ექსპორტირებული, რაშიც წამყვანი ხუთეულის წილი 69.3%-ს შეადგენს. 2024
წელს მთლიანი 46.2 ათას ტონიდან ეს წილი 77.5%-ს შეადგენდა.