არაიკ ჰარუთიუნიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
დღეს, 5 თებერვალს, ბაქოს სამხედრო სასამართლოში არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ყოფილ ლიდერებსა და მათთან ერთად ბრალდებულ პირებს განაჩენი გამოუტანეს.

განაჩენის თანახმად, „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს“, არაიკ ჰარუთუნიანს საბოლოო სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უვადო პატიმრობა მიესაჯათ ასევე „თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს“ დავით მანუკიანს, „პარლამენტის თავმჯდომარეს“ დავით იშხანიანს, „თავდაცვის ყოფილ მინისტრს“ ლევონ მნაცაკანიანსა და „საგარეო საქმეთა

ყოფილ მინისტრს“ დავით ბაბაიანს.

„ყოფილ პრეზიდენტებს“, არკადი ღუკასიანსა და ბაკო სააკიანს კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

აღნიშნული სასამართლო პროცესი 2025 წლის 17 იანვარს დაიწყო. ბრალდებულთა საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, 26 დეკემბერს, სასამართლო კოლეგია სათათბიროდ იყო გასული.

ჰარუთუნიანსა და მასთან ერთად გასამართლებულ 14 პირს ბრალი 2548 ეპიზოდზე ედებოდათ, მათ შორის ტერორიზმში, გენოციდში, აგრესიული ომის წამოწყებაში, წამებასა და განზრახ მკვლელობაში. აღნიშნული მუხლები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

26 დეკემბერი არაიკ ჰარუთუნიანისა და სხვების სასამართლო განხილვა დასრულდა

26 დეკემბერს ბაქოს სამხედრო სასამართლოში დასრულდა არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ წარმომადგენლებისა და სხვათა სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სააგენტო AZERTAC-ის ცნობით, სხდომაზე თავდაპირველად საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა დავით იშხანიანმა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია“, - განაცხადა გამოსვლის დასასრულს დ. იშხანიანმა. ამის შემდეგ მოსამართლემ სასამართლო განხილვა დასრულებულად გამოაცხადა. სასამართლო კოლეგია სათათბიროდ გავიდა.

25 დეკემბერი ღუკასიანი და სააკიანიც არ აღიარებენ ბრალდებებს

25 დეკემბერს ბაქოს სამხედრო სასამართლოში ბრალდებულთა საბოლოო სიტყვებით გამოსვლა გაგრძელდა. ლევონ მნაცაკანიანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალდებებს. „მე არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვთვლი“, - აღნიშნა მან. შემდეგ ისაუბრა არაღიარებული წარმონაქმნის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ არკადი ღუკასიანმა, რომელმაც ასევე არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და საკუთარი კონტრარგუმენტები წარმოადგინა. მოგვიანებით საბოლოო სიტყვით გამოვიდა ამავე წარმონაქმნის კიდევ ერთი ყოფილი „პრეზიდენტი“ ბაკო სააკიანი. მანაც უარყო ბრალდებები. ბრალდების მხარის მიერ მათ კრიმინალურ გაერთიანებად მოხსენიებას მან ასე უპასუხა: „კრიმინალური ორგანიზაცია არ ყოფილა და ვერც იქნებოდა“.

22 დეკემბერი ბაბაიანი და მნაცაკანიანი ბრალდებას არ ეთანხმებიან

22 დეკემბერს, საბოლოო სიტყვით გამოსვლისას დავით ბაბაიანმა და ლევონ მნაცაკანიანმა ბრალდების მხარის საწინააღმდეგო არგუმენტები დაასახელეს. დ. ბაბაიანმა განაცხადა, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. „მე თავს არცერთი მუხლით დამნაშავედ არ ვცნობ“, - დაამატა მან.

19 დეკემბერი არაიკ ჰარუთუნიანიც არ ეთანხმება პროკურორს

19 დეკემბერს საბოლოო სიტყვით გამოსვლისას „თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ“ დავით მანუკიანმა განაცხადა, რომ სეპარატისტული წარმონაქმნის „უშიშროების საბჭოს“ სხდომებს არ ესწრებოდა. არაღიარებული წარმონაქმნის ყოფილმა ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთუნიანმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება პროკურორების არგუმენტებს. „საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა“ დავით ბაბაიანმა კი სურვილი გამოთქვა, საბოლოო სიტყვა რუსულ ენაზე წარმოეთქვა. მან პროკურორებისა და დაზარალებულების განცხადებებზე საპასუხო არგუმენტები გააჟღერა.

11 დეკემბერი ყარაბაღელი სეპარატისტების სასამართლოზე საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს

11 დეკემბერს პროცესზე ბრალდებულთა ნაწილს საბოლოო სიტყვა მიეცა. ლევონ ბალაიანმა და გარიკ მარტიროსიანმა განაცხადეს, რომ უდანაშაულოები არიან. მადათ ბაბაიანმა თქვა, რომ კაცი არ მოუკლავს და მხოლოდ ჰაერში ისროდა, მელიქსეთ ფაშაიანმა კი აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა და მხოლოდ სამი თვე იდგა პოსტზე. დავით ალავერდიანმა, გურგენ სტეპანიანმა და ერიკ ღაზარიანმაც თავი უდანაშაულოდ ცნეს. ვასილი ბეგლარიანმა განაცხადა, რომ კრიმინალური ჯგუფის წევრი არ ყოფილა.

4 დეკემბერი არაიკ ჰარუთუნიანის ადვოკატმაც მისთვის გამართლება მოითხოვა

4 დეკემბერს დასრულდა დაცვის მხარის გამოსვლები. დავით იშხანიანის, ლევონ მნაცაკანიანის, ბაკო სააკიანის, ასევე ლევონ ბალაიანის, დავით ალავერდიანის, ერიკ ღაზარიანისა და მელიქსეთ ფაშაიანის ადვოკატებმა თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გამამართლებელი განაჩენი მოითხოვეს. გარიკ მარტიროსიანის ადვოკატმა რაშადათ ახუნდოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამხედრო ნაწილში რიგით ჯარისკაცად მსახურობდა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება ითხოვა. არაიკ ჰარუთუნიანის ადვოკატმაც მისთვის გამართლება მოითხოვა.

27 ნოემბერი ვექილები არკადი ღუკასიანსა და სხვებს გამართლებას სთხოვენ

27 ნოემბერს ბაქოს სამხედრო სასამართლოში დაცვის მხარის გამოსვლები დაიწყო. გურგენ სტეპანიანის (16 წელი მოითხოვეს), ვასილი ბეგლარიანის (16 წელი), არკადი ღუკასიანის (20 წელი), დავით მანუკიანის (უვადო), დავით ბაბაიანისა (უვადო) და მადათ ბაბაიანის (20 წელი) ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდებებს არ ეთანხმებიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ბრალდებულებს (15 პირი) აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 20-ზე მეტი მუხლით ედებათ ბრალი, მათ შორის აგრესიული ომის დაგეგმვა-მომზადება-დაწყების, გენოციდის, მოსახლეობის განადგურებისა და დეპორტაციის, წამების, ტერორიზმისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

13 ნოემბერი ყარაბაღელი სეპარატისტების ნაწილს უვადო პატიმრობა მოითხოვეს

13 ნოემბერს გამართულ პროცესზე პროკურორმა სასჯელის ზომები მოითხოვა. პროკურორმა უვადო პატიმრობა მოითხოვა: ა. ჰარუთუნიანისთვის, ლ. მნაცაკანიანისთვის, დ. მანუკიანისთვის, დ. ბაბაიანისა და დ. იშხანიანისთვის. სხვა ბრალდებულებს: ა. ღუკასიანს, ბ. სააკიანს, მ. ბაბაიანსა და მ. ფაშაიანს - 20 წელი მოითხოვეს. სხვა პირებს 16-დან 19 წლამდე პატიმრობა შესთავაზეს. პროკურორებმა განმარტეს, რომ ვინაიდან ა. ღუკასიანი, ბ. სააკიანი და მ. ბაბაიანი 65 წელს გადაცილებულნი არიან, აზერბაიჯანის კანონმდებლობით მათ უვადო პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ (კანონი კრძალავს უვადო პატიმრობას ქალებისთვის, არასრულწლოვნებისა და 65 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის).

31 ოქტომბერი ჰარუთუნიანისა და კიდევ 14 პირის საქმეზე სასამართლო გამოძიება დასრულდა

31 ოქტომბერს ბაქოს სამხედრო სასამართლოს კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო გამოძიების დასრულების შესახებ. ყარაბაღის ყოფილი „სახელმწიფო მინისტრი“, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი ცალკე გასამართლდება. მან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

1990-იან წლებში ყარაბაღის კონფლიქტმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები გამოიწვია. ოკუპირებული იყო აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონი და მიმდებარე 7 რაიონი. 2020 წლის 44-დღიანი ომისა და 2023 წლის ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად ბაქომ მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტი აღადგინა. ამჟამად გასამართლებული პირები ძირითადად 2023 წელს დააკავეს. მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს.

Mənbə: Azadlıq Radiosu


Bizi Teleqramda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!
Bizi WhatsAppda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!
Digər maraqlı xəbərlər "Marneuli" radiosunun Facebook səhifəsində.
Bizi "Telegram"da izləyin.
Bizi "TikTok"da izləyin.
Bizi "İnstagram"da izləyin.
Bizi "X"da izləyin.
Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin! +995557994415

 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები