შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ე.კ.
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა სამსახურებრივი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობა უწევდა
მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას. გენერალური ინსპექციის
თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.კ.
ბრალდებულის სახით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის
332-ე მუხლით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"გავიხსენოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 31
იანვარს სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დააკავეს
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი – 2002 წელს
დაბადებული ა.მ., რომელმაც გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ
მოქალაქისგან ქრთამის სახით თანხა მიიღო", - წერია
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ა.მ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.