„სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ აცხადებენ, რომ კვერცხის ფასს 5%-ით შეამცირებენ
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები — „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ — აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მათი განცხადებით, ფასი 5%-ით შემცირდება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება. ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა

და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება“, —
ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „კუმისი“ ავრცელებს.

ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში კვერცხი დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდა.

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირე მაღალ ფასნამატს და მოგების მაღალ მარჟებს დაუკავშირა. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი. ასევე, მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ.

შედეგად, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შეიქმნა სამთავრობო კომისია და პარლამენტში სპეციალური კომისია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები