მოსკოვში შეიარაღებული თავდასხმა იყო გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ
ალექსეევზე.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ის დაჭრილი და
ჰოსპიტალიზებულია.
ვლადიმირ ალექსეევი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის
მთავარი სამმართველოს, ანუ „გრუ“-დ წოდებული სამხედრო დაზვერვის
უფროსის მოადგილეა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 6
თებერვალს ალექსეევს მოსკოვში, ვოლოკალამის გზატკეცილზე მდებარე
სახლში რამდენჯერმე ესროლა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, რომელიც
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის
მიზნით თავდასხმისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით.
რუსული ტელეგრამ-არხები Baza და SHOT-ი, იუწყებიან, რომ გენერლის
მდგომარეობა მძიმეა. მათივე ცნობით, დღეს დილით, ბინიდან გამოსულ
ალექსეევს თავდამსხმელი კიბეზე ელოდებოდა. ამ ტელეგრამ-არხების
თანახმად, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, გენერალს შესაძლოა, ქალმა
ესროლა.
გამოცემა „კომერსანტი" კი სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე
დაყრდნობით წერს, რომ ალექსეევს ბინასთან დახვდა მამაკაცი, რომელმაც
წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში მას შემდეგ შეაღწია, რაც
თავი კურიერად გაასაღა, მან გენერალი ჯერ ხელსა და ფეხში დაჭრა და
როცა ალექსეევმა პისტოლეტის წართმევა სცადა, მკერდშიც ესროლა.
გენერალი რომ მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაშია „კომერსანტის"
წყაროებიც ადასტურებენ.
- „რუსეთის გმირის“ წოდების მფლობელი ვლადიმირ ალექსეევი კერძო
სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთ კურატორად იყო მიჩნეული. 2023
წელს „ვაგნერის“ ამბოხების დროს ალექსეევმა ამ დაჯგუფების
წევრებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა და პირადი კონტაქტი ჰქონდა
„ვაგნერის“ დამაარსებელ ევგენი პრიგოჟინთან.
- დიდ ბრიტანეთში ალექსეევს ადანაშაულებენ 2018 წელს ქალაქ
სოლსბერიში ნივთიერება „ნოვიჩოკით“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი
ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან კავშირში.
- ვლადიმირ ალექსეევი სანქცირებულია აშშ-ისა და ევროკავშირის
მიერ.
ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე
სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს.
- 2025 წლის დეკემბერში მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად
დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული
მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ
სარვაროვი.
- 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან
მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე,
გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
- 2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე
საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური
დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
ყოველ ჯერზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ერთ-ერთ ვერსიად ასახელებდა
დანაშაულის ორგანიზებას უკრაინის სპეცსამსახურების მიერ.