სომხეთმა და აშშ-მა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო
ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე - აცხადებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანმა შეთანხმება გააფორმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი
ვენსთან, რომელიც სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
სააგენტო DPA-ს შეფასებით, ეს მილიარდობით დოლარის ოდენობის
შეთანხმება არის ნიშანი იმისა, რომ აშშ შედის უწინ რუსეთის
ხელმძღვანელობით მოქმედ სივრცეში - სომხეთს ერთადერთი ბირთვული
ელექტროსადგურისთვის
საჭირო ტექნოლოგიას მოსკოვი აწვდიდა.
შეთანხმება შესაძლებელს ხდის აშშ-ის 5 მილიარდი დოლარის ღირებულების
ტექნოლოგიის ექსპორტს, ასევე ბირთვული საწვავის კონტრაქტებს 4
მილიარდი დოლარის მოცულობით, - განაცხადა ვენსმა ფაშინიანთან
შეხვედრის შემდეგ. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო DPA.
აშშ-ს აქვს სომხეთის ნდობა საიმისოდ, რომ მას ახალი ტექნოლოგიები
მიაწოდოს, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
სამხედრო დახმარების სახით, აშშ სომხეთს მიაწვდის V-BAT ტიპის
სადაზვერვო დრონებს.
ჯეი დი ვენსის სამხრეთკავკასიური ტურნე ითვალისწინებს ვიზიტს
აზერბაიჯანშიც.
2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება
გაფორმდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის
პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის - ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის
რეგიონის გარშემო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის
შემდეგ.