სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორი არალეგალური სასაკლაო დახურა
აჭარასა და იმერეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფრინველის არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ხელვაჩაურსა და საჩხერეში მოქმედი ობიექტები ფრინველის დაკვლას ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ანტისანიტარიულ პირობებში ახორციელებდნენ. საჩხერეში ამოღებულია და დალუქულია 80 კილოგრამი საეჭვო წარმომავლობის ხორცი. ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, მათ საქმიანობა ხარვეზების გამოსწორებამდე აეკრძალათ.

უწყების ცნობით, დარღვევები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებზე:

ხელვაჩაურში: შპს „ატო“ ფრინველის დაკვლას ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე,

ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით ახორციელებდა. კომპანიას არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და არც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში იყო რეგისტრირებული.

საჩხერეში: კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა ინდმეწარმე ნ.ბ.-ს სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორი უგულებელყოფდა სავალდებულო აღიარების ნორმას. ადგილზე დაილუქა 80 კგ ფრინველის ხორცი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე და სანიტარიული ნორმების დარღვევით იყო დაკლული.

ორივე ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. მათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები