პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. დაკავების ოპერაციაში
კონტრტერორისტული სამსახურიც მონაწილეობდა.
ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF FM-ი იუწყება ინფორმირებულ
წყაროზე დაყრდნობით.
მედიასაშუალების მიერ 10 თებერვალს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით,
საქართველოს ოთხი მოქალაქე პოლიციამ ლოძის რაიონის ქალაქ ველუნში
დააკავა კონტრტერორისტული ქვედანაყოფისა და მესაზღვრეების
მონაწილეობით.
ოთხიდან ერთი ლიეტუვის მოთხოვნითაა დაკავებული.
RMF FM-ის თანახმად, მისი წყაროები პოლონეთის შესაბამის უწყებებში არ
აკონკრეტებენ საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და ლიეტუვის
მოთხოვნის მიზეზს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციაში
კონტრტერორისტული ქვედანაყოფიც მონაწილეობდა, საქმე სერიოზულ
დანაშაულს ეხება.