ოპოზიციონერმა ლიდერმა, პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის”
თანათავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება
დატოვა.
სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში
გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 8-თვიანი სასჯელის ვადა სწორედ
დღეს, 12 თებერვალს, ამოიწურა.
„შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია. პირველ
რიგში, ჩემი ცოლ-შვილის. მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ
ადამიანები რჩებიან ციხეში, არა მარტო აქ, არამედ გვერდით -
ქალთა
ციხეში. უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში... ბოლომდე ვიბრძოლებთ
აქედან მათ გამოსაყვანად. მთავარია, რომ მათი ძალა და ენერგია
გვაკლია“, - თქვა ნიკა გვარამიამ და დაასახელა ოპოზიციონერი
პოლიტიკოსები ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ელენე
ხოშტარია. მან ახსენა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია
ამაღლობელიც.
- სადავო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია „კოლექტიური
ნაცმოძრაობის“ ასაკრძალად შეიქმნა: ამ ტერმინში „ქართული ოცნება"
გულისხმობს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი
ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
ნიკა გვარამია 2025 წლის 13 ივნისს დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა
30 000-ლარიანი გირაო, რომელიც ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად
ჰქონდა შეფარდებული. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ
მიიღო.
ამავე საქმეზე განაჩენი კი 1 ივლისს გამოცხადდა. პოლიტიკოსს მომდევნო
ორი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავებაც აუკრძალეს.
- იმავე მუხლით, ჯამში, რვა პოლიტიკოსი გაასამართლეს: მათგან
რამდენიმემ (ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ზურა ჯაფარიძემ,
გიორგი ვაშაძემ, გივი თარგამაძემ) საპატიმრო უკვე დატოვა, ნიკა მელია
და ირაკლი ოქრუაშვილი კი საპატიმროში რჩებიან სხვა სისხლის სამართლის
საქმის ფარგლებში.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული. მას ოფიციალური
ბრალით ედავებიან 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების
გაყალბების საბაბით“, „ რადიკალიზაციის მიზნით, ქუჩაში აქტიური
პროცესების დაწყებას”. მას ბრალი საბოტაჟის მუხლით წაუყენეს და 2-დან
4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.