როგორ ცნობილია, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის
გენერალურმა დირექტორმა,
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან
მოლაპარაკებები გამართა. მხარეებმა ზანგეზურის მარშრუტის ერთ-ერთი
მონაკვეთის – ნახიჩევანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების საკითხი განიხილეს და
მის შესწავლაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, ბაქოში ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის
გენერალური დირექტორის ვიზიტისას, მხარეებს შორის განხილული იყო
ზანგეზურის დერეფნის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში TEN-T
მიერთების საკითხი.
აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის"
(TCRC) ცენტრი ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, ზანგეზურის დერეფნის პროექტში ევროპული
ინვესტიციების ჩართვა სამუშაოების დაჩქარებას და ევროკავშირის უშუალო
მონაწილედ გახდომას უწყობს ხელს. ხოლო, ტრანსევროპულ სატრანსპორტო
ქსელებში TEN-T მიერთების საკითხი, პირველ რიგში, რეგიონში
ინვესტიციების მოზიდვას უკავშირდება.
TCRC-ს განმარტებით, TEN-T ევროკავშირის ამბიციური ინფრასტრუქტურული
პროექტია, რომელიც 2050 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ახალი
სატრანსპორტო სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მათ შორის 94 პორტს, 38
აეროპორტს და დაახლოებით 15 000 კილომეტრიან ჩქაროსნულ რკინიგზას.
როგორც "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" აღნიშნავს, ზანგეზურის
დერეფნის TEN-T-თან მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის
შემთხვევაში, ზანგეზურის დერეფანს ეძლევა შესაძლებლობა მოიზიდოს
ევროკავშირის ფინანსური სახსრები, რითაც იზრდება შესაძლებლობა შუა
დერეფნის საქართველოს მონაკვეთს შეუქმნას დამატებითი კონკურენცია.
"სადღეისოდ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში TEN-T ევროკავშირის
ქვეყნებში გამავალი სატრანსპორტო დერეფნებია გაერთიანებული.
რაც შეეხება ერთიანი ქსელის გაფართოებას 2024 წელს, ევროკავშირის
საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T
განვითარების შესახებ, კერძოდ, ოთხი სატრანსპორტო დერეფნის უკრაინასა
და მოლდოვამდე გაფართოებასა და რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრისპირა
კავშირების დონის შემცირებას.
ბოლო ცვლილებები TEN-T დერეფნების ბალტიის ზღვა – შავი ზღვა – ეგეოსის
ზღვის დერეფნის ოდესამდე, აგრეთვე ლვოვისა და კიშინიოვის გავლით, და
ბალტიის ზღვა – ადრიატიკის ზღვისა და რაინ – დუნაის დერეფნების
ლვოვამდე გაფართოებას მოიცავს.
ოთხი ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინასა და მოლდოვამდე
გაფართოებით და TEN-T დერეფნებში ჩართვით ძლიერდება სატრანსპორტო
კავშირები რეგიონში და ევროკავშირთან. გარდა ამისა, ორივე ქვეყანას
გაუჩნდა შესაძლებლობა მიმართონ ევროკავშირს დერეფნების გასწვრივ
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მისაღებად.
2019 წელს ევროკომისიამ გადაწყვიტა გაეფართოებინა TEN-T ევროკავშირები
სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ და მოეხდინა აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის თურქეთისა და ამიერკავკასიის
ქვეყნების, აღნიშნულ დერეფნებში მოქცევა.
მოგვიანებით, 2024 წელს, ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და სამივე
ამიერკავკასიის სახელმწიფო შეიყვანა TEN-T-ის გაფართოების
სქემაში.
ზანგეზურის დერეფნის სამეზობლო ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელებში
TEN-T მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში,
ზანგეზურის დერეფანს ეძლევა შესაძლებლობა მოიზიდოს ევროკავშირის
ფინანსური სახსრები რითაც იზრდება შესაძლებლობა შუა დერეფნის
საქართველოს მონაკვეთს შეუქმნას დამატებითი კონკურენცია",- წერს
"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.