ისრაელის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს თბილისში ირანის
ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაში
მონაწილეობის და მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათების
გამო.
„მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი
რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს
საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ
საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში
გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის
წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში
განათებით.
რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ
მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და
დემოკრატიისთვის იბრძვიან?“, – ნათქვამია ისრაელის
საელჩოს განცხადებაში.
11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან
დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამასთან,
ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა ირანის ისლამური
რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი (რევოლუციის წლისთავისადმი) მიძღვნილ
მიღება, სადაც სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
ლაშა დარსალიას მიმართვის ტექსტი საქართველოში ირანის ელჩმა
გაავრცელა.
„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მთავრობის სახელით
მივულოცო ამ ქვეყანას ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული
დღესასწაული.
ეროვნულ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული ქვეყნისთვის
და იგი ასახავს მის ისტორიულ გზას, ქვეყნის განვითარებასა და ეროვნულ
იდენტობას.
ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სფეროებში
ხალხთა შორის არსებული მჭიდრო კავშირები, რომლებიც წლების
განმავლობაში ჩამოყალიბდა, წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის
თანამშრომლობის საფუძველს.
ჩვენ ვაფასებთ ირანის გადამწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ამ
წლების განმავლობაში. ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი
პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ
ამისათვის ირანის მადლიერნი ვართ.
საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის
ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინ
წასაწევად“, — განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მან მიულოცა სეიედ ალი მოჯანის საქართველოში საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა და ირანელ ხალხს „მშვიდობა, სტაბილურობა
და კეთილდღეობა“ უსურვა.