შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით,
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან 98 უცხო ქვეყნის მოქალაქე
გააძევეს.
დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის,
ეგვიპტის, რუსეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის, გერმანიის,
ნიგერიის, ერაყის, ბანგლადეშის, უზბეკეთის, ვიეტნამის, კენიისა და
კონგოს მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
სტატისტიკა:
- 2026 წლის იანვარში ქვეყნიდან 232 უცხო ქვეყნის მოქალაქე
გააძევეს;
- წინა თვეში – 312 პირი;
- მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ჯამში 544 უცხო ქვეყნის
მოქალაქე.
აღნიშნული მაჩვენებელი 346%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2025 წლის შესაბამის პერიოდს
4,5-ჯერ აღემატება.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო
ცვლილებებისა და გაძლიერებული საიმიგრაციო კონტროლის შედეგად,
პრევენციული ეფექტი გამოიკვეთა – გაიზარდა ქვეყნის ნებაყოფლობით
დატოვების შემთხვევებიც.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 1306-მა უცხოელმა, რომელთაც
ქვეყანაში ყოფნის კანონიერ ვადებს გადააჭარბეს, საქართველო
ნებაყოფლობით დატოვა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
191-ე მუხლის საფუძველზე 1000-დან 3000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ და
დამატებით ერთიდან სამ წლამდე ვადით ქვეყანაში შემოსვლა
აეკრძალათ.