შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისის
შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან
განადგურებას გულისხმობს.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის. სამართალდამცველების მიერ
მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით, ბანკის ერთ-ერთ სართულზე
მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც გამოიყენებოდა
შედუღების აპარატი. სავარაუდოდ, სწორედ შედუღების აპარატიდან
წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა
გამოიწვია აალება, რომელიც სხვა
სართულებზეც გავრცელდა.
ამჟამად სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს და მუშაობენ ყველა სხვა შესაძლო
ვერსიაზეც. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.