დღეს, 3 მარტს, ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო
საბჭოს მინისტრთა მე-12 სხდომა და „მწვანე ენერგეტიკის“
საკონსულტაციო საბჭოს მინისტრთა მე-4 სხდომა იმართება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ
ალიევმა მიმართა. მინისტერიალზე მოხსენებით წარდგა ასევე ევროკომისარი
ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში, დან იორგენსენი.
მინისტერიალს ესწრება "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი
მარიამ ქვრივიშვილიც.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ
ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის
მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა.
მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა
უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის, აღნიშნულ ფორმატში
ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა",
- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
გახსნის სესიის შემდეგ, მუშაობა პლენარულ ფორმატში გაგრძელდა. დღის
წესრიგის მთავარი თემებია: „სამხრეთის გაზის დერეფანი“: მდგრადი
წარმატება და განვითარების ახალი ეტაპი. „მწვანე ენერგეტიკის
პროექტები“: ენერგოტრანზიცია და ეკოლოგიურად სუფთა რესურსების
ათვისება.
გარდა ამისა, საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გაიმართება
ინვესტიციების მრგვალი მაგიდა, რომელიც აზერბაიჯანსა და ევროკავშირს
შორის „მწვანე კავშირების“ გაძლიერებას დაეთმობა.
დღის ბოლოს დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც მინისტერიალის
შემაჯამებელ შედეგებს გაასაჯაროებენ.
მედია წერს, რომ წლევანდელი შეხვედრა მონაწილეთა განსაკუთრებული
მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სხდომაში მონაწილეობენ: 27 ქვეყანა (მათ
შორის აზერბაიჯანი და ევროპული სახელმწიფოები), 11 საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტი და ორგანიზაცია; 49 ენერგეტიკული კომპანია.
ღონისძიებაში ჩართულები არიან მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და
ენერგოსექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს
მინისტრთა შეხვედრები 2015 წლის თებერვლიდან რეგულარულად
იმართება.